„კრიტიკა გვეკუთვნის და ვიღებთ“ - გურამ კაშია
„კრიტიკა გვეკუთვნის და ვიღებთ“ - გურამ კაშია
29.03.2023
ავტორი: სოფო ერქვანია / თამარ ჯიშკარიანი

ზუსტად საფეხბურთო მატჩის დაწყების წინ ბათუმში უამინდობამ თამაშის საწყის წუთებზეც იქონია გავლენა. უეცრად ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა, რაც უკვე მოგვიანებით გახდა ჩვენთვის ცნობილი სახურავები გადახადა სახლებს, წააქცია ხეები, ქობულეთში ერთი შემთხვევა ტრაგიკულადაც დასრულდა. ბათუმის „აჭარაბეთ არენადან" კარგად ჩანდა როგორ დაფრინავდნენ ჰაერში მშენებარე კორპუსებიდან სამშენებლო მასალები, მომენტალურად გაითიშა ელექტროენერგია, სტადიონზე კი სამშენებლო სილა და ქაღალდები შემოყარა. იყო სექტორულად ძაბვის ვარდნა, გაითიშა კომუნიკაცია და  აყირავდა ერთი გაყოლება სარეკლამო ლედ-ბანერები. სტადიონზე, ისევე როგორც მის მიმდებარე ტერიტორიაზე, აღნიშნული ვითარება მალევე გახდა სტაბილური. ჩვენ კი, ასე დეტალურად იმიტომ გიამბობთ მოვლენებს, რომ სწორედ, ამ დროს მოუხდათ უეფა-ს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩის დერეფნიდან გამოსვლა საქართველოსა და ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებებს... ამ დროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა  გურამ კაშიას  ნაკრებში ჩატარებული 100 მატჩის აღსანიშნავად უეფას-გან დაწესებული სპეციალური ჯილდოები.


ბუნებრივია, თამაშზე გავლენა ამინდს არ მოუხდენია. თუმცა, საწყისი წუთები, საქართველოს ნაკრებს დაცვაში მოუხდა ყოფნა და ძირითადად, საკუთარ ნახევარზე გაატარა. განსაკუთრებით, ჩვენი მოსაზრებით უჭირდათ ფლანგებს. შესაბამისად ზეწოლა სწორედ „კაშოზე" მოდიოდა.




გურამ კაშია: პირველ 30 წუთში გვიჭირდა ბურთის ამოტანა დაცვიდან, რაც გუნდს დაეტყო, რადგან დაცვიდან თუ პასებით ბურთი არ ამოგვაქვს, ჩვენს შემტევებს თამაში ძალიან უჭირთ. არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით, ნახევარდაცვაში თავისუფალ ფეხბურთელს ვერ ვპოულობდით. კრიტიკა გვეკუთვნის და ვიღებთ, მაგრამ მეორე ტაიმში გამოვასწორეთ თამაში, უფრო თამამები ვიყავით, რამაც შედეგი გამოიღო, ძალიან მაგარი გოლი გავიტანეთ. პირველი ტაიმის შემდეგ რომ გეკითხათ ჩემთვის, ქულაზე თანახმა თუ ვიქნებოდი, ხელს მოვაწერდი. კი, მეტი გვინდოდა, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში ერთ ქულას უნდა დავჯერდეთ.


ახალგაზრდა ფეხბურთელები ვეტერანებს გვჯობნიან, ამიტომ არ სჭირდებათ გამხნევება. ძალიან მაგარი ფეხბურთელები არიან, მათ ხარისხს მოედანზე ვხედავთ. ძალიან მაგარი პოტენციალი აქვთ, რომ უკეთესად ითამაშონ, თამაშიდან თამაშამდე უფრო მეტ გამოცდილებას შეიძენენ.


ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ ქვეყნის ნაკრების კაპიტანი ვარ. მეამაყება, რომ ამდენი ხანი ნაკრებში შემოვრჩი და კიდევ შემიძლია გუნდს დავეხმარო. დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ რამდენიმე ათეულ თამაშს ჩავატარებ და გუნდს დავეხმარები".




გიორგი მამარდაშვილი: „რთული თამაში გამოვიდა, მაგრამ დადებითად შევაფასებ, რადგან თამაშამდე დიდი წნეხი იყო. პირველი 20-25 წუთი გაგვიჭირდა, შემდეგ კი გამოვასწორეთ. მიხარია გუნდს რომ დავეხმარე, მაგრამ ვერცერთ „სეივს" გამოვარჩევ, ჯერ არ მინახავს განმეორებით".


გიორგი მიქაუტაძე: „მაგარი გარემო იყო, ძალიან კარგია, ამდენ ხალხს რომ ახარებ. მეორე ტაიმში კიდევ შეგვეძლო გოლის გატანა, მაგრამ საბოლოოდ, 1 ქულა ავიღეთ".


ბუდუ ზივზივაძე: „ძალიან რთული პირველი ტაიმი იყო, არეულები ვიყავით, მეორე ტაიმში მობილიზება მოვახერხეთ, ჩვენს თავში ძალა ვიპოვეთ და გავათანაბრეთ. შემდეგ მომენტებიც გვქონდა, მაგრამ პირველი ტაიმიდან გამომდინარე ფრე კარგი შედეგი იყო".


ნიკა კვეკვესკირი: თამაში ორ ნაწილად გაიყო. 35 წუთი ჩვენი შესრულებით ძალიან ცუდი იყო. არ მახსენდება, რაც ნაკრებში ვარ, ჩვენი ასეთი ცუდი თამაში. ბევრი ტექნიკური წუნი იყო და ტაქტიკური შეცდომები. ამის შემდეგ პერიოდს რაც შეეხება, ეს არის ამ ნაკრების სახე და კარგია, რომ დრო გვეყო აზრზე მოსასვლელად. პირველი ტაიმიდან გამომდინარე ერთი ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ მეორე ტაიმიდან გამომდინარე გამარჯვებას ვცდილობდით, გულშემატკივრების დიდი დამსახურებაა, ისინი დიდ მუხტს გვაძლევდნენ. პირველი ტაიმის მიხედვით 1 ქულა მოვიპოვეთ, მეორე ტაიმის გათვალისწინებით 2 ქულა დავკარგეთ.




შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ევრო 2024-ის პირველი საკვალიფიკაციო შეხვედრა 28 მარტს, ბათუმში გამართა ნორვეგიის წინააღმდეგ და ფრედ, 1-1 ითამაშა. პირველი გოლი საქართველოს ნაკრების კარში გავიდა, მეორე ტაიმში კი, ჟორჟი მიქუტაძემ ერთ მომენტში თამაში საკუთარ თავზე აიღო და შეტევა გოლით დააგვირგვინა.


საქართველოს ეროვნული ნაკრები, აღნიშნული შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩს 17 მარტს კვიპროსზე, 20-ში კი შოტლანდიაში გამართავს.


დღესვე, გაიმართა ჩვენი ჯგუფის სხვა შეხვედრებიც შოტლანდიამ მეორე გამარჯვება იზეიმა, ამჯერად, ესპანეთი დაამარცხა 2-0 და ივნისის ფანჯრის წინ, ქულების მაქსიმუმით, ჯგუფს სათავეში უდგას.