საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 28 მარტს, ნორვეგიის წინააღმდეგ, ბათუმში გამართავს.
მატჩის წინა დღეს, გუნდებმა მატჩის მასპინძელ აჭარაბეთ არენაზე ივარჯიშეს. საქართველოს ნაკრების საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ვარჯიში დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გუნდის კაპიტან გურამ კაშიასთან ერთად, მედიის შეკითხვებს უპასუხა.
ვილი სანიოლი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ფეხბურთელებმა იციან, რომ რთული შეხვედრა გველის, თუმცა ამისთვის მზად ვართ. ვნახეთ ნორვეგიის ნაკრების თამაში ესპანეთთან. ვფიქრობ, ანგარიში არ ასახავდა მატჩის მიმდინარეობას და ნორვეგია არ იმსახურებდა დიდი ანგარიშით მარცხს.
დიდი პატივისცემა ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას, თუმცა ნორვეგია ბევრად ძლიერი და უკეთესი გუნდია. რთული თამაში გველის, თუმცა ამავდორულად მას დიდი ინტერესით ველი, რადგან მინდა ჩემი გუნდის პროგრესის შედეგი ვიხილო. ერთა ლიგის გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ ახალი საკვალიფიკაციო ეტაპის კარგად ჩასატარებლად.
როგორც ფეხბურთის მოყვარული, ბედნიერი ვარ, როდესაც ყველა გამორჩეული მოთამაშე მოედანზეა. ასე რომ, ნაწილობრივ დამწუხრებული ვარ ერლინგ ჰოლანდის არყოფნით. საუკეთესოების წინააღმდეგ თამაში ფეხბურთელებსაც სურთ. ასევე, მის გარეშე ნორვეგია განსხვავებულად ითამაშებს და ესეც მნიშვნელოვანი საკითხია.
ხვიჩა კვარაცხელიას როლი ნაკრებში და ნაპოლიში განსხვავებულია, რადგან სხვა სისტემა გვაქვს. ის შესანიშნავი იყო ერთა ლიგაზე, ისევე როგორც ნაპოლიში მიმდინარე სეზონში, სადაც უმაღლესი დონის ფეხბურთს აჩვენებს.
ბოლო 2 წლის განმავლობაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი შემოგვიერთდა ეროვნულ ნარკებში. მრავლად გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ 21-წლამდე ნაკრებში თამაში. ყოველთვის საინტერესოა მათი რეაქციის ხილვა, როდესაც განსხვავებულ დონეზე უწევთ ასპარეზობა. კმაყოფილი ვარ ახალგაზრდების მუშაობით. ვიმედოვნებ, რომ ბევრს იშრომებენ, რათა დაბრუნდნენ და უფრო ხშირად გვაჩვენონ რისი მოტანა შეუძლიათ ეროვნული გუნდისთვის".
გურამ კაშია (საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი): „მეტოქე გუნდის ფეხბურთელებზე ინდივიდუალურად კონცენტრაციას არ ვახდენთ. ვიცით, რომ ნებისმიერ პოზიციაზე კარგი მოთამაშეები ჰყავთ და მეტოქე ღირსეულია. ჩემი საქმე თავდამსხმელების შეკავებაა და იმედია, თუ ვითამაშებ, ხვალ ამას მოვახერხებ და კარგ შედეგს მივაღწევთ. ვემზადებით, გვინდა, რომ კარგი თამაში ჩავატაროთ და შედეგზე ვართ ორიენტირებულები.
ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ნაკრებში ყოფნა ბედნიერებაა და იმედი მაქვს ჩვენი ახალგაზრდებიც ბედნიერები არიან აქ ყოფნით. ვფიქრობ, ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან და ჩვენ, გამოცდილი მოთამაშეები, ვცდილობთ, რომ კომფორტული გარემო შევუქმნათ.
გულშემატკივარი აქ მაგარ გარემოს ქმნის და მოუთმენლად ველი, რათა კიდევ ერთი კარგი მოგონება დაგვრჩეს. იმედი მაქვს, გულშემატკივრები კმაყოფილები იქნებიან. რთული თამაში გველის და როგორც ყოველვის, მათი მხარდაჭერა ახლაც გვჭირდება. გაცილებით ძლიერი ჯგუფია ერთა ლიგასთან შედარებით. ეს იქნება ტესტი, სადაც ჩვენ ძალებს გამოვცდით".
საქართველოსა და ნორვეგიის შორის შეხვედრა 28 მარტს 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია", ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო", ბათუმი, საქართველო), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი", ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა", ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო", თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი", პოზნანი, პოლონეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ლუკა გაგნიძე ("დინამო" მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო", თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე", ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი", სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი", ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი", საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი", მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე", გერმანია)
ფოტო: სფფ / ლაშა კუპრაშვილი