ქართული ლეგიონის ამბები
ქართული ლეგიონის ამბები
27.03.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

#ბექა



თვენახევრიანი პაუზის შემდეგ ბექა ბურჯანაძემ იტალიის ჩემპიონატში ითამაშა. მას თავის კლუბ "რეჯიო ემილიაში" ბოლოს 12 თებერვალს ჰქონდა ნათამაშები, რის შემდეგაც მოედანზე სერია A-ს გასულ ტურში გამოჩნდა. ემილიელები სტუმრად უმანა ვენეციას ეთამაშნენ და 69-78 დამარცხდნენ. 

აღსანიშნავია, რომ რეჯო ემილიამ მე-2 ტაიმი 14 ქულით მოიგო, თუმცა, ვინაიდან საწყის ნახევარში სუსტად გამოიყურებოდა, თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხა. ბურჯანაძემ მოედანზე 19 წუთი გაატარა და 4 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ბექამ 2-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.


რეჯო ემილიას 7 მოგების წილ 16 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე რჩება, თუმცა კი, მე-12 ადგილზე მყოფ ბრეშას 1 გამარჯვებით ჩამორჩება. ბურჯანაძის კლუბი მომდევნო მატჩს 2 აპრილს, შინ, ჯივოვა სკაფატისთან ჩაატარებს.


#თოკო


თორნიკე შენგელია და მისი ვირტუს ბოლონია იტალიის ჩემპიონობისკენ მიიწევენ. სერია A-ს მორიგ ტურში ვირტუსმა ბოლონიაში პესაროს უმასპინძლა 88-76 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ფორვარდმა სოლიდური წვლივლი შეიტანა.


საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და 21 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.


თოკომ 5-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.


შედეაგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ეს, მასპინძელთა რიგებში მე-2 მაჩვენებელი იყო. საუკეთესო (23) დენიელ ჰეკეტი იყო, რომელმაც 13 ქულა და 8 პასი მიითვალა.


ვირტუსს 23 ტურში 19 მოგება მოუგროვდა, მომდევნო მატჩი კი 2 აპრილს, სტუმრად, ტრიესტესთან ელის.


#შერმო


ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი საკალათბურთო კლუბ „ტენერიფეს" ისტორიაში შევიდა - მან „გრან კანარიასთან" მატჩში 15 ქულა ჩააგდო, სულ კი „ტენერიფეს" მაისურით 1862 ქულა მოუგროვდა და გუნდის ისტორიულ ბომბარდირებში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. 13 ქულით გადაასწრო მესამეადგილოსან ნიკო რიჩოტის (1849). პირველ ადგილზე გერმან გონსალესია 3191 ქულით.


რაც შეეხება უშუალოდ „გრან კანარიასთან" შეხვედრას, დაძაბულ ბრძოლაში „ტენერიფემ" 81-77 მოიგო. შერმადინის სტატისტიკა ასეთი იყო: 21 წუთი, 15 ქულა (7/4 ორქულიანი, 8/7 საჯარიმო), 4 მოხსნა, 2 პასი. იგი ბლოკებით ძალიან დაეხმარა თანაგუნდელ მარსელინიო უერტასს, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო და მატჩის ბომბარდირი გახდა.


„ტენერიფეს" 23 ტურის შემდეგ 17 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 29 მარტს ასევე შინ „მანრესას" წინააღმდეგ გამართავს.


ვიდეო-კადრები მატჩიდან


#მამუ


მამუკალაშვილის კიდევ ერთი შედეგიანი მატჩი ნბა-ში, სან ანტონიოს მაისურით. ქართველ კალათბურთელს სასტარტო ხუთეულში თამაში მონაცვლეობით უწევს. წინა შეხვედრაში ის სასტარტოში იყო, ამჯერად სათადარიგო, თუმცა ამჯერად შედარებით ნაკლებ დროში მეტად შედეგიანი იყო.


მამუკელაშვილის გუნდი ბოსტონ სელტიკსს ესტუმრა და დიდი სხვაობით - 93-137 დამარცხდა. სანდრო მატჩში სათადარიგოთა სკამიდან, პირველივე მეოთხედში ჩაერთო და 22 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. 6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი, 3-დან 2 საჯარიმო - ასეთი იყო მისი სროლის სიზუსტე. „ბოსტონის" გამარჯვება კი უმთავრესად ჯეილენ ბრაუნის კარგმა თამაშმა განაპირობა, რომელმაც 41 ქულა ჩააგდო.


„სან ანტონიოს" 19 მოგება აქვს და დასავლეთის კონფერენციაში ბოლოსწინა მე-14 ადგილზეა.


საპლეიოფო ზონაში მოსახვედრად იბრძვის გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი". ფლორიდელებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს. ამჯერად შინ, „ბრუკლინ ნეთსი" დაამარცხეს - 119:106. ბითაძე სათადარიგო იყო, 6 წუთი ითამაშა და 2 ქულა ჩააგდო. „ორლანდოს" 33 მოგება აქვს და სამი გამარჯვებით ჩამორჩება საპლეიოფო ზონაში მყოფ, მეათეადგილოსან „ჩიკაგო ბულსს".