კორსატიას ორმაგუ დუბლი და ანრონიკაშვილის პირადი რეკორდი
კორსატიას ორმაგუ დუბლი და ანრონიკაშვილის პირადი რეკორდი
26.03.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

რატი ანდრონიკაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატში პირადსარეკორდო 6 ქულა ჩააგდო. ეს მოხდა ლიგა ენდესას გასულ ტურში, რომელშიც "მურსია" სტუმრად შეხვდა "გრანადას" და დიდი სხვაობით - 67:88 წააგო.


ეს გახლდათ 22 წლის ანდრონიკაშვილი მე-4 გამოჩენა ლიგა ენდესას მატჩში. მას აქამდე სადებიუტო მატჩში 11 წუთი ჰქონდა ნათამაშები, შემდეგ კი უმნიშვნელო წამებით ორჯერ იყო მოედანზე, გრანადასთან წაგებულ მატჩში კი რატიმ 7 წუთი ითამაშა და თავი 6 ქულას მოუყარა. ქართველმა უკანახაზელმა 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ანდრონიკაშვილს სხვა დადებითი სტატისტიკური მაჩვენებელი - მოხსნა, პასი, ჩაჭრა ან დაფარება არ ჰქონია.


მურსიელთაგან საუკეთესო ბომბარდირი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი მოთამაშე, თად მაკფადენი გახდა, რომელმაც 27 წუთში 13 ქულა მოაგროვა.


მურსიას 9 მოგების წილ 15 მარცხი აქვს, მე-12 ადგილზეა და პლეი ოფში გამსვლელ რვეულში მოსახვედრად იბრძვის. მომდევნო მატჩი მურსიელებს 2 აპრილს "ხირონასთან" ელის.


ვიდეო-კადრები მატჩიდან


ჩრდილოეთ მაკედონიის უმაღლეს ლიგაში მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა გიორგი კორსანტიამ, რომელიც თავის გუნდ "გოსტივარს" გასვლითი გამარჯვების მოპოვებაში დიდად დაეხმარა. გოსტივარელები სტუმრად "საირ 2030"-ს შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში - 97:93 მოუგეს. 

კორსანტია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გოსტივარელთაგან ყველაზე მეტი - 37:43 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 11-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა. გიორგის ანგარიშზე საბოლოოდ 13 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა დაგროვდა. ის თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.


გოსტივარს 12 მოგება და 6 მარცხი აქვს, მე-4 ადგილზე იმყოფება და პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის, სადაც რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეული გავა.


***