U21, ლატვია 0-1 საქართველო
U21, ლატვია 0-1 საქართველო
26.03.2023
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია


  • შემადგენლობა და მატჩის ოქმი - ლატვია 0:1 საქართველო
  • გიორგი გულიაშვილის მე-6 გოლი ახალგაზრდული ნაკრების მაისურით
  • 21-წლამდელებში ნოდარ ლომინაძის და გიზი მამაგეიშვილის დებიუტი შედგა


საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, თურქეთის ქალაქ ბელეკში, ლატვიის 21-წლამდე გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც რამაზ სვანაძის გუნდის გამარჯვებით - 1:0 დასრულდა.


შეხვედრაში გამარჯვების გოლი, პირველი ტაიმის 21-ე წუთზე, გუნდის კაპიტანმა - გიორგი გულიაშვილმა გაიტნა, რომელმაც ჩვენი ნაკრების საგრძნობი უპირატესობა გატანილ გოლში გარდასახა.


რამაზ სვანაძე: "ძალიან კარგია, რომ გავიმარჯვეთ. კარგია განწყობისთვის და ზოგადად, ნაკრების დონეზე გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია. საერთო ჯამში თამაშს დავყოფდი 2 ძირითად ნაწილად - პირველი ტაიმი, სადაც ერთადერთი რაც დაგვაკლდა იყო მეტი გატანილი გოლი და მეორე ნახევარი, სადაც მეტოქე უფრო აგრესიული გახდა და შედარებით გაგვიჭირდა.


რაც შეეხება ახალწვეულებს, ჩვენ მათ დიდი ხანია ვაკვირდებით. ბევრი მათგანი საქართველოში თამაშობს, სადაც აქვთ სისტემატიური სათამაშო პრაქტიკა და ამიტომ მათ მიეცათ შანსი, ჩვენც ბუნებრივია გვაინტერესებდა როგორ გაართმევდნენ ისინი თავს სანაკრებო დონეზე დაკისრებულ მოვალეობას.


თვითონ განვლილ პერიოდს რაც შეეხება, ძალიან ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა, იდეალურ გარემოში და იდეალურ პირობებში მოგვიწია ერთი კვირის გატარება. აქცენტი უფრო გადატანილი გვქონდა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებაზე და დღევანდელი მატჩიც შესაბამისი იყო, ვგულისხმობ ტაიმებს შორის სისტემის ცვლილებას. საერთო ჯამში შეკრებით კმაყოფილები ვართ, ერთადერთი სამწუხარო იყო ის, რომ ტრავმის გამო გუნდს - შოთა ნონიკაშვილი და ნიკოლოზ ხორხელი გამოაკლდნენ და მათ ვერ შეძლეს დღეს მოედანზე გასვლა - ბიჭებს მინდა მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო.



საერთო ჯამში კმაყოფილები ვართ, მაგრამ რა თქმა უნდა ველოდებით გაძლიერებას, რადგან ევროპის ჩემპიონატზე სულ სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ურთულეს ჯგუფში ვართ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სრულ მზადყოფნაში შევხდებით ფინალურ ეტაპს."


საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, შარშანდელის მსგავსად კალენდარული სეზონი გამარჯვებით დაიწყო. შემდეგ შეხვედრას, ახალგაზრდული ნაკრები 21 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.