საქართველოს ნაკრებმა ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე, ოფიციალურ თამაშებამდე, ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში დღეს, მონღოლეთის ნაკრები დაამარცხა. ცოტა დაძაბული და გაცუდებული პენალტის გამოც დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, ვილის გუნდი, მეორე ტაიმში ახალი ენერგიით დაბრუნდა და 5 უპასუხო გოლი გაიტანა. 5 აღმოჩნდა დღეს, ჩვენი ნაკრებიდან გატანილი გოლის ავტორიც (დავით ვოლკოვი, გიორგი ჩაკვეტაძე, საბა ლობჟანიძე, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ბერიძე. მათგან სამმა დღეს სფფ-ს გვერდისთვის მცირე კომენტარიც გააკეთა.
საბა ლობჟანიძე: საერთო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა, კარგი თამაში გამოვიდა. მოვიგეთ. რაც გვგქონდა დავალება, რომ ბევრი გოლი გაგვეტანა გავიტანეთ. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ნაკრებს გაუტან, ნაკრებში გატანილი გოლი განსაკუთრებულია და მიხარია, რომ გავიტანე. ისიც გამიხარდა, ბუდუსაც, რომ გავატანინე. ვემზადებით ნორვეგიისთვის.
გიორგი ჩაკვეტაძე: პირველ რიგში ვულოცავ ჩვენს ნაკრებს ამ გამარჯვებას. კარგად ვითამაშეთ. რაც შეეხება ჩემს გოლს, დიდი ხანია ეროვნულ ნაკრებში გოლი არ გამიტანია. კარგია, რომ მოვახერხე გატანა და ის ნავსი გატყდა. იმედია, მომავალში უფრო მეტს და მეტს გავიტან. წინ უფრო მნიშნელოვანი თამაში გველოდება ნორვეგიასთან და დიდი იმედი მაქვს სახლში, შევძლებთ გამარჯვებას, ხალხთან ერთად, გულშემატკივართან ერთდ, ფანებთან ერთად, რომლებიც სულ გვერდში გვიდგანან და ჩვენთან ერთად არიან.
ბუდუ ზივზივაძე: რა თქმა უნდა გამარჯვებისთვის ვიყავით გამოსულები მოედანზე და რასაც მივაღწიეთ მნიშვნელოვანია, რადგან 3 დღეში უკვე ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და ამისთვის მოსამზადებელი თამაში იყო. მივულოცავ საქართველოს, თანაგუნდელებს. ვფიქრობ, რომ დავიმსახურეთ, პირველი ტაიმის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ მეორეში კარგად გამოვიყურებოდით, პირველ ტაიმში ისე ვერ ვითამაშეთ. ვიცით, რომ ფეხბურთში, ყველა მომენტი არ გადის, მაგრამ პირველ ტაიმში შევიტანეთ გარდატეხა, გავიმარჯვეთ. ჩემს სტატისტიკას რაც შეეხება, ნაკრებში გატანილი ყველა გოლი ძალიან მნიშვნელოვანია და მეც ბედნიერი ვარ, რადგან დიდი პაუზა მქონდა უთამაშებლობის. ასევე, მშრალი გოლების დიდი ხანგრძლივობა მქონდა და რომ გავიტანე და ნაკრებს დავეხმარე, ბედნიერი ვარ.
მომდევნო შეხვედრას, საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე ევროპის 2024 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გამართავს და ნორვეგიის ნაკრებს, კვლავ ბათუმში, 28 მარტს დაუპირისპირდება.
ფოტო: (c) სფფ / ლაშა კუპრაშვილი