- შემადგენლობა და მატჩის გვერდი - საქართველო 6:1 მონღოლეთი
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, წლის პირველ შეხვედრაში, მონღოლეთი დიდი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დუბლი გიორგი ჩაკვეტაძემ შეასრულა. თითო გოლი დავით ვოლკოვის, საბა ლობჟანიძის გიორგი ბერიძის და ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზეა. ბერიძისთვის მონღოლეთის კარში გატანილი გოლი სადებიუტო იყო ეროვნული ნაკრების მაისურით.
ვილი სანიოლიმა ამხანაგურ შეხვედრაში თავის გამოჩენის შესაძლებლობა რამდენიმე ახალწვეულს მისცა. მონღოლეთთან მატჩში ეროვნული გუნდის რიგებში დებიუტო ჰქონდა 20 წლის ლუკა გაგნიძეს, 23 ლუკა გუგეშაშვილს და 17 წლის გაბრიელ სიგუას.
ვილი სანიოლი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „დასკვნების გამოტანა რთულია. მივიღე გადაწყვეტილება, რომ შემადგენლობაში ბევრი ახალი სახე ყოფილიყო. ისინი ხშირად არ თამაშობენ ერთად და ამის გამო გუნდურობა გვაკლდა, თუმცა ეს ბუნებრივია. პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვარ. ნელა ვთამაშობდით. მეორე ტაიმში კი, ბურთს სწრაფად ვამოძრავებდით, გაცილებით მეტი შესაძლებლობა მოგვეცა და უკეთესი ფეხბურთი ვითამაშეთ. ბევრი გოლი გავიტანეთ, მრავლად გვქონდა მომენტები და სეზონის პირველი მატჩისთვის ეს დადებითი მხარეა. ნორვეგიასთან გაცილებით რთული მატჩი გველის და წარმატების მისაღწევად ბევრი რამ იქნება შესაცვლელი.
პირველი ტაიმის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძეს ვუთხარი, რომ მოედნის ცენტრთან უფრო ახლოს ემოქმედა. პირველ ნახევარში დიდ დროს ატარებდა მარცხენა ფლანგზე. ისეთი ტექნიკური ფეხბურთელები, როგორიც გიორგია, ცენტრში უფრო პროდუქტიულები არიან. ცვლილების შემდეგ, სწორედ ამის შესახებ ვისაუბრეთ.
გიორგი ლორიამ მეტოქესთან კონტაქტის შემდეგ ტრავმა მიიღო. მოედანზე სრულ მზადყოფნაში მყოფი ფეხბურთელები გვჭირდება და სწორედ ამის გამო შემოვიდა გუგეშაშვილი. ჩვენ გეგმებში არ შედიოდა მეკარის ცვლილება, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და გუგეშაშვილმა კარგად გაართვა თავი დავალებას".
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 28 მარტს, ბათუმში გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: სფფ / ლაშა კუპრაშვილი