ძიუდოში თბილისის გრან სლემს 5 კონტინენტის 61 ქვეყნის 419 მონაწილე ჰყავს. მათ შორის არის საქართველო, რომელიც როგორც მასპინძელი, კაცების თითოეულ წონაში ოთხი ძიუდოისტით არის წარმოდგენილი. ასევე მრავლად ჰყავს მონაწილეები საქართველოს ქალთა ნაკრებსაც.
გრან სლემის პირველ დღეს მედლები გათამაშდა კაცთა 60 და 66 და ქალთა 48, 52 და 57 კილოგრამ წონით კატეგორიებში. საქართველოს ნაკრებისთვის შედეგიანი კაცთა ასპარეზობა გამოდგა. გიორგი სარდალაშვილმა უმსუბუქესი წონის ფინალში იასპარეზა.
მომავალმა ფინალისტი შეჯიბრს მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა მონღოლი, ყაზახი და უკრაინელი მოწინააღმდეგეები, საჩემპიონო ორთაბრძოლაში კი, სამწუხაროდ, დამარცხდა აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვთან და შედეგად კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს და ვერცხლის მედლის მფლობელმა სარდალაშვილმა 2022 წლის თბილისის გრან სლემიც ვერცხლის მედლით დაასრულა.
ახლოს იყო მედალთან ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი ვაჟა მარგველაშვილიც (66 კგ), მაგრამ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიელ მატეო პირასთან დამარცხდა.
ფოტო: (c) გაბრიელა საბაუ / IJF