სომხეთისა და თურქეთის ეროვნული ნაკრებები ხვალ გრძელ და რთულ გზაზე გადიან
სომხეთისა და თურქეთის ეროვნული ნაკრებები ხვალ გრძელ და რთულ გზაზე გადიან
24.03.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, ერევანში „რესპუბლიკის სტადიონზე" სომხეთისა და თურქეთის ეროვნული ნაკრებები 2009 წლის შემდეგ, პირველად შეხვდებიან ერთმანეთს. სომხეთის გუნდში მთელი რიგი ცვლილებებია, გუნდმა გაახალგაზრდავება დაიწყო და ახალი მწვრთნელი გზადაგზა ცდილობს გაარკვიოს რომელ ფეხბურთელს, ინდივიდუალურად როგორ მიუდგეს. ჩემი მიდგომა ასეთიაო, განაცხადა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე დღეს, სომხეთის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ პეტრაკოვმა, რომელმაც სომხური მედიიდან, საწყის ეტაპზე გუნდის შენების პროცესში „დანდობა" ითხოვა.

გამომდინარე იქიდან, რომ უეფა-ს ევრო 2024 წლის შესარჩევი ეტაპი ახლა იწყება, სომხები თვლიან, რომ ჯგუფში გამოკვეთილი ლიდერი არ არის, ამიტომ, გუნდის კაპიტანი ვარაზდატ აროიანი, რომელიც ამ ორი ნაკრების ბოლო შეხვედრისას, 2009 წელს სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ხვალინდელ დაპირისპირებას ახლაც ისეთივე მნიშვნელობას ანიჭებს როგორც მაშინ.


„გუნდი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კარგ მდგომარეობაშია. ამ მხრივ პრობლემა ისევე არ მაქვს როგორც ფიზიკური თვალსაზრისით. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე უმნიშვნელო ტრავმას, გუნდიც კარგად გამოიყურება", - ამბობს კაპიტანი.




ადგილობრივი ჟურნალისტები დღეს, ტყუილად შეეცადნენ გაეგოთ, ვის უპირებდა, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ჰენრიხ მხითარიანის „სამართალმემკვიდრის" ვინაობა დაედგინათ.


„მინდა ჩემი პასუხი სწორად გაიგოთ და არ გამოაბათ კუდები. ფეხბურთელები მიდიან და მოდიან. ის, რომ გუნდის თამაში ვინმე კონკრეტულ კაცზე ავაწყო, ასე არ იქნება. მოდიან ახალი ფეხბურთელები, ამიტომ ერთ ლიდერზე არ უნდა გათვალო. მთელი გუნდი, ლიდერი უნდა იყოს. კი, ადრე იყო მხითარიანი, ახლა მინდა, რომ ბევრი ასეთი მხითარიანი იყოს. ყველა ფეხბურთელი ვინც გამოვიძახე, ეროვნებით სომეხია და სომხეთის ეროვნული ნაკრებისთვის ისინი უნდა დაიხარჯონ. ამ ეტაპზე რთულია თქვა, ვინ იქნება ჯგუფის ლიდერი, ან ხვალ როგორ ვითამაშებთ. შევხედავთ, ხვალ რა იქნება",  - ამბობს ალექსანდრ პეტრაკოვი, რომელიც სომხეთის ნაკრებში მოსულ ახალგაზრდა თაობაში, უპირველესად მენტალიტეტის შეცვლაზე მუშაობს.



ჩვენ გუშინ გაცნობეთ, რომ შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. წესით ტრიბუნა, სადაც სტუმარი გუნდის გულშემატკივარი უნდა მჯდარიყო, ხვალ ცარიელი უნდა იყოს. თუმცა, თურქებს, ერევანში, გულშემატკივრისგან განსხვავებით და ყველა პრეისტორიის გათვალისწინებით, ჟურნალისტთა საკმაოდ დიდი გუნდი ჩამოჰყვა. სხვათა შორის, ჩვენ გავარკვიეთ, რომ მატჩის რეპორტაჟზეც, თურქული და სომხური მხარეები ერთად იმუშავებენ.


„ეროვნულ ნაკრებში თამაში ყოველთვის განსხვავებული გრძნობაა. მე აქ ყოველთვის განსხვავებული განცდით ჩამოვდივარ, ნაკრებში თამაშის დროს თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობ და ამას მოედანზეც ხედავთ. გამომდინარე იქიდან, რომ გუნში არ არის დიდი ასაკობრივი ზღვარი, კარგი დამოკიდებულებაა. ეს დღედადღე უფრო დაიხვეწება. გუნდში კარგი განწყობაა და ხვალ გვინდა, რომ 3 ქულით დავიწყოთ. აქ, ამისთვის ჩამოვედით. ამის შემდეგ, უკვე ხორვატიასთან მატჩზე ვიზრუნებთ",  - ამბობს ჯენგიზ იუნდერი, თურქეთის ნაკრების




ალბათ, ჩვენი გვერდის მკითხველს აინტერესებს, როდესაც ბათუმში საქართველო - მონღოლეთის თამაშია ჩვენ ერევანში, სომხეთი-თურქეთის თამაშზე რამ ჩამოგვიყვანა. საქმე ისაა, რომ თუკი, თურქეთის ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ფინალურ ეტაპზე ამ ევროშესარჩევიდან მოახერხებს გასვლას, საქართველოს ნაკრებს კი, რაც არ გვინდა, რომ მოხდეს არ გაუმართლებს და ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ დაძლევს, თურქეთის ჯგუფიდან გასვლით, ვილი სანიოლის გუნდს, უეფა-ს ერთა ლიგის ფლეი-ოფებიდან თურქეთი ჩაეხსნება.  ასე, რომ თურქთა მთავარ მწვრთნელს, შტეფან კუნცს, „გრძელ და რთულ გზაზე, რომელზეც ხვალ გადის", წარმატება ვუსურვოთ.


სხვათა შორის, სომეხი ჟურნალისტი (ზოგიერთი ჩვენიანის არ იყოს, იქაც ჰყოლიათ ბევრი), კუნცს შეეკითხა, „ხვალ, რომ წააგებთ, სახლში როგორ დაბრუნდებითო", რაზეც თურქთა გერმანელმა თავკაცმა უპასუხა, რომ ასეთ ვერსიაზე არ კი გაუვლია ფიქრი თავში.




„ჩემვის, როგორც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, მთავარია ფეხბურთელები კლუბებიდან კარგად მომზადებულები მოვიდნენ. შეკრების დაწყებამდე, მე მოვახერხე კლუბების თამაშები მენახა. შემიძლია დავასახელო ჰაქანი, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და არის კიდევ 6-7 ასეთი ფეხბურთელი", - ამბობს კუნცი.


შეგახსენებთ, რომ ხვალ ერევანში შეხვედრა, 21:00 საათზე დაიწყება. განსხვავებით დღევანდელი დღისგან, ერევანში აუტანლად ცხელოდა, ბოლოს კი გაწვიმდა, ხვალ სომხეთის დედაქალაქში, მატჩის დროს, საკმაოდ სიგრილე იქნება. იმედია, ამ „ამინდს" მინდორზე დანთებული ცეცხლი გაალღობს.


სრული ალბომის ბმული