25 მარტს ერევანში სომხეთისა და თურქეთის ნაკრებები ითამაშებენ
25 მარტს ერევანში სომხეთისა და თურქეთის ნაკრებები ითამაშებენ
23.03.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სომხეთისა და თურქეთის ეროვნული ნაკრებები მიმდინარე საუკუნეში, ერთმანეთს ორჯერ არიან შეხვედრილები. პირველად, 2008 წლის 6 სექტემბერს სასომხეთში და შემდეგ, 2009 წლის 14 ოქტომბერს უკვე, თურქეთში. ორივე შეხვედრა, თურქების გამარჯვებით, ერთნაირი ანგარიშით 2-0 დასრულდა.

ამჯერად, ამ ორი ქვეყნის ნაკრებების დაპირისპირება, რომელსაც გინდა თუ არა, პოლიტიკურ-ისტორიული ელფერი გასდევს, 25 მარტს, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას, რომელიც ერევანში, ვაზგენ სარქისიანის სახელობის „რესპუბლიკურ" სტადიონზე ჩატარდება, ცნობილია, რომ არ დაესწრებიან სტუმარი გუნდის გულშემატკივრები. სავარაუდოდ, ვითარების მოსალოდნელი გართულების თავიდან ასაცილებლად, უეფა-მ თავი გადაიზღვია. ცნობილია, რომ სტუმარი გუნდისთვის განკუთვნილი ადგილები, 25 მარტს, ერევანში, „რესპუბლიკურ" სტადიონზე ცარიელი იქნება. თურქულმა მხარემ კი, გადაწყვიტა სუვენირების სახით გაეყიდა ის ბილეთები, რომელი ადგილებიც მათი გუნდის გულშემატკივარისთვის იყო განკუთვნილი. სხვათა შორის, აღნიშნული ბილეთების გაყიდვიდან, თუმცა, ისევე, როგორც თურქეთის ეროვნული ნაკრების მომდევნო, ბურსაში, ხორვატიასთან გასამართი 28 მარტის თამაშის ბილეთებით შემოსული თანხა, თურქეთში თებერვლის დასაწყისში დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულებს მოხმარდებათ. ალბათ, გემახსოვრებათ, რომ მიწისძვრის სამაშველო-სალიკვიდაციო სამუშაოებზე, ჯგუფი სომხეთმაც გაგზავნა. ასე, რომ ეს, ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში, რაღაც ახალის დასაწყისადაც შესაძლოა ჩაითვალოს. ახლა, მთავარია, 25 მარტის მატჩის დროს, ერევანში სუფთა „საფეხბურთო ამინდი" იყოს. ჩვენ, შევეცდებით, ინფორმაციები ადგილიდან მოგაწოდოთ.


ცნობილია, რომ  მატჩამდე ერთი დღით ადრე, 24 მარტს, ჯერ მასპინძლების პრესკონფერენცია და აკრედიტებული მედიისთვის პროტოკოლით გათვალისწინებული ღია ვარჯიში გაიმართება. სომხური გუნდიდან 16:30 საათზე მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ პეტრაკოვი და გუნდის კაპიტანი ვარაზდატ აროიანი შეხვდებიან მედიას. მოგვიანებით, კი უკვე თურქები გამართავენ მედიასთან შეხვედრას და მატჩისწინ ბოლოჯერ ივარჯიშებენ. პირადად მე, სომხეთის გუნდის ერთი 19 წლის ფეხბურთელი მაინტერესებს, რომელიც ეროვნულ ნაკრებში, მიუნჰენის „ბაიერნიდან" ჰყავთ გამოძახებული და საკმაოდ დიდი იმედებსაც ამყარებენ.


თუ რომელი ფეხბურთელი წარსდგება, პრეს-კონფერენციაზე სტუმართა მხარიდან, გუნდის მთავარ მწვრთნელთან შტეფან კუნცთან ერთად, ჯერ-ჯერობით უცნობია. ყოველ შემთხვევაში, კუნცი, თურქეთის ფეხბურთს ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამბობს, რომ ის და მისი გუნდი შეეცდებიან და ბედნიერები იქნებიან, თუ ხალხის გაღიმებას მოახერხებენ.  ცნობილია ისიც, რომ უშუალოდ, აღნიშნული თამაშების შეკრების დაწყებამდე, გუნდის განაცხადიდან, რამდენიმე ცნობადი ფეხბურთელი (აბდულქერიმ ბარდაქჩი, თაიფ თალჰა სანუჩი) ამოიღეს. შეიცვალა გუნდის საწვრთნელი პროცესის შინაგანაწესიც.


პრესკონფერენციამდე, აღნიშნული ფედერაციების ოფიციალური გვერდები საკმაოდ მწირე ინფორმაციას ავრცელებენ გუნდების მზადყოფნაზე. თუმცა ბევრს საუბრობენ, სპონსორებზე. მაგალითად, ევრო 2024-ის მარტის ფანჯრის შეკრებამდე ცნობილი ხდება, რომ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციისა და შესაბამისად, ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორი მსოფლიოში ცნობილი სომხური კონიაკის ბრენდი „არარატი" გახდა. მხარეები ამ თანამშრომლობით, თვლიან, რომ საერთო საქმეს წაადგება და სომხურ ფეხბურთს, მხოლოდ კარგს მოუტანს.


თურქეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კი, „მერსედეს ბენც"- მა, რომელიც 1996 წლიდან ფედერაციისა და ვაჟთა ეროვნული ნაკრების ოფიციალური სპონსორია, 27-წლიანი თანამშრომლობა კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა. ამასთან, „მერსედესი" ქალთა ნაკრებსაც გაუწევს სპონსორობას.


და ბოლოს, სომხეთისა და თურქეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას, ესპანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. შეხვედრის მთავარი მსაჯი ხოსე მარია სანჩეს მარტინესი იქნება, მას რაულ კაბანერო მარტინესი და ინიგო პრიეტო ლოპეს დე სერაინი დაესმარებიან. მეოთხე მსაჯი მარიო ლოპესი იქნება. VAR-ის ოთახში კი, რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა და ხოსე ლუის გონსალესი იჯდებიან.


 

 

სპეციალურად - თბილისი-ერევანი - თბილისი