„დინამო თბილისმა" წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მეორე შეხვედრა მოიგო. დეიან სტანოიევიჩის გუნდმა, რომლის მოთამაშეებიც მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის თამაშებიდან შემართულები დაბრუნდნენ, მთელი ენერგია საკლუბო ტურნირზე გადმოიტანეს და სერბეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ, სერბული „რადნიჩკიც" „დაჩაგრეს".
„დინამო თბილისი" ამ შეხვედრაში უპირატესობას პირველი წუთებიდან დაეუფლა და პირველი მეოთხედი, მშრალად 4-0 მოიგო. აღსანიშნავია, რომ თბილისელთა კარგს ირაკლი რაზმაძე იცავდა, რომელსაც კარში 23-ჯერ დაურტყეს, ქართველთა მეკარემ კი, საერთო ჯამში 15-ჯერ მოიგერია. შეხვედრის ამ მონაკვეთში გოლები სტეფან პიეშივაცი (2), იოვან სარიჩმა და ანდრია ვლაჰოვიჩმა გაიტანეს.
მეტ-ნაკლებად თანაბარი გამოდგა ამ შეხვედრის მომდევნო ორი პერიოდი რომლებიც ფრედ 2-2 და 3-3 დასრულდა. მეორე მეოთხედში, დინამოელთაგან გოლები გიორგი მაგრაქველიძემ და საბა ტყეშელაშვილმა გაიტანეს. მომდევნო მეოთხედში საბამ კიდევ ორი გოლი გაიტანა და საერთო ჯამში ჰეთ-თრიქი შეასრულა. ანდრია ვლაჰოვიჩმა კი, დუბლი გაიფორმა.
ბოლო, მეოთხე პერიოდის წინ, „დინამო თბილისი" პირველ პერიოდში მოპოვებული გამარჯვების წყალობით, კვლავ 4 ბურთით, 9-5 ლიდერობდა, მაგრამ სერბები ბრძოლას არ წყვეტდნენ და ქართულ კლუბს ერთი ხელის მოსმაზე მისდევდნენ. თუმცა, ეს ოთხ ბურთიანი სხვაობის აღმოსაფხვრელად საკმარისი არ აღმოჩნდა. შეხვედრის ბოლო მონაკვეთში, დინამოელთაგან, იოან სარიჩმა ორი, ბესო ახვლედიანმა და პიეშივაცმა გაიტანეს. ეს მონაკვეთი, თბილისელებმა 4-3 მოიგეს. შეხვედრაში, საბოლოო ანგარიში კი, 13-8 დაფიქსირდა.
დღევანდელ შეხვედრაში დინამოელთა შემადგენლობა: ირაკლი რაზმაძე, გიორგი კირიაკიდი, ბესო ახვლედიანი (1), არტიომ ძიხტიარენკო, საბა ტყეშელაშვილი (3), ანდრია ვლაჰოვიჩი (2), ხვიჩა ჯახაია, იოვან სარიჩი (3), რევაზ იმნაიშვილი (კ), გიორგი მაგრაქველიძე (1), მაქსიმ მალიშაუ, სტეფან პიეშივაცი (3), გიორგი გვეტაძე.
დღევანდელი შეხვედრის სრული ოქმი იხილეთ ბმულზე. ამ მომენტისთვის დინამოელები ჯგუფური ეტაპის გათამაშებაში, საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მე-7 საფეხურზე არიან.
მომდევნო შეხვედრას „დინამო თბილისი" კვლავ მშობლიურ კედლებში, 5 აპრილს, კვლავ საწყლოსნო კომპლექს „ოლიმპიკში" 19:00 საათზე გამართავს და ამჯერად, „იადრანს" დაუპირისპირდება ხორვატული სპლიტიდან.