გუნდური მესამე ევროპის 23-წლამდეთა ჩემპიონატზე
გუნდური მესამე ევროპის 23-წლამდეთა ჩემპიონატზე
20.03.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 10-დან 6 წონით კატეგორიაში მედალი მოიპოვა, მათ შორის, ოქროს მედალიც.


ჩვენი გუნდიდან ყველაზე შორს წავიდა ანდრო მარგიშვილი (92 კგ). 20-წლამდელთა შორის ევროპისა (2022) და მსოფლიოს (2022) ვერცხლის პრიზიორმა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად გადამწყვეტ შეხვედრაში 7-1 მოუგო თურქ მუჰამედ გიმრის.


ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა ვლადიმერ გამყრელიძეს (79 კგ). 23-წლამდელებში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ფინალში ბერძენ გეორგიოს კუგიუმციდისთან 4-6 დამარცხდა.


მესამე ადგილი დაიკავა 20-წლამდელთა შორის შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანმა ლუკა ღვინჯილიამ (57 კგ). ასევე ბრინჯაოს მედლები ერგოთ 17-წლამდელთა შორის შარშანდელი ევროპის პირველობის ვერცხლის და მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილოსან გოგა ოთინაშვილს (65 კგ) და დავით ფაცინაშვილს (70 კგ), რომელსაც აქამდე საუკეთესო შედეგები ჰქონდა 17-წლამდელებში ევროპის ჩემპიონატზე და ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, სადაც ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.


მესამე ადგილი დაიკავა 15-წლამდელებში ევროპის პირველობის ბრინჯაოს მედალოსანმა გიორგი გოგრიჭიანმაც (74 კგ).


საქართველოს ნაკრებმა თითო ოქროს-ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.


საგულისხმოა, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე 7 მედალი მოიპოვა, მათ შორის - 2 ოქროს, ამდენივე ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი და  საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა.