2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, ბორჯღალოსნები მსოფლიოს რეიტინგში ისტორიულ მაქსიმუმს, მე-11 პოზიციას დაუბრუნდნენ, რომელსაც ბოლოს 2019 წლის სექტემბრის მიწურულს იკავებდნენ.
ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გამართულ ფინალში, 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე პორტუგალია საქართველომ 38:11 დაამარცხა. მეტოქე 50-ე წუთამდე დიდ წინააღმდეგობას გვიწევდა, თუმცა ბორჯღალოსნების გამოცდილებამ და ძალამ თამაში ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანა.
ამ გამარჯვებით საქართველომ ზედიზედ მე-6-ედ მოიპოვა რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული და გაიმეორა თავისივე მიღწევა (2011-2016 წლებში); 2018 წლიდან დღემდე 29-მატჩიანი წაუგებელი სერია მოუგროვდა; ტურნირზე მე-100 გამარჯვებით კი, მსოფლიო რეიტინგში სამოას გადაასწრო და 76,23 ქულით მე-11 პოზიციაზე აღზევდა.
მოწინავე ათეულში შესვლამდე, რაც ქართული რაგბის გაცხადებული მიზანია ერთი ხელის გაწვდენა რჩება. საქართველოს წინ იაპონიაა, რომელიც 1,16 სარეიტინგო ქულით გვისწრებს