ქართული ლეგიონი ევროპაში
ქართული ლეგიონი ევროპაში
22.03.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

შერმადინის შედეგიანი მატჩი ტენერიფეში. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან უკვე გასულმა ტენერიფელებმა ბოლო ტურის მატჩში თურქულ დარუშაფაკას უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში - 75:71 მოუგეს.

ტენერიფემ პირველი ტაიმი 11 ქულით წააგო, თუმცა შეხვედრის შეტრიალება მოახერხა. ესპანურმა კლუბმა მესამე პერიოდში მეტოქეს 9 ქულით აჯობა და მეოთხე პერიოდის წინ მხოლოდ 2 ქულას აგებდა. საბოლოოდ მასპინძლებმა მოახერხეს თურქული კლუბის დამარცხება და ამით საქმე თანაჯგუფელ მურსიას გაუკეთეს, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების 2 წევრი - რატი ანდრონიკაშვილი და თად მაკფადენი იცავენ.


შერმადინმა პარკეტზე 14:05 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ 6-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.


შეგახსენებთ, რომ ტენერიფე ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია და ამ ჯერზეც ტიტულის მოგება აქვს ერთადერთ მიზნად.


ვიდეო-კადრები მატჩიდან

***

რატი ანდრონიკაშვილის სარეკორდო სათამაშო დრო FIBA-ს ჩემპიონთა ლიგაში, თანაც ძალიან პრინციპულ და დაძაბულ დაპირისპირებაში. ესპანური მურსია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სტუმრად თანამემამულე ბილბაოს ეთამაშებოდა და გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გადიოდა. მაკფადენს მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია, ხოლო ანდრონიკაშვილმა გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.


22 წლის ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე 14:42 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მან 4-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.  მურსიამ პირველ ტაიმი 7 ქულით მოიგო, თუმცა მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ბილბაო 7 ქულით წინ გავიდა და საკმაოდ კომფორტულ უპირატესობასაც ფლობდა. მურსიამ შეხვედრის შეტრიალება მაინც შეძლო და მატჩი 4 ქულით მოიგო - 71:67.


მურსია ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი ამ ჯგუფში გიორგი შერმადინის ტენერიფემ დაიკავა. ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე 16 გუნდი ითამაშებს, რომლებიც 4 ჯგუფში იქნებიან თანაბრად გადანაწილებულნი.


ვიდეო-კადრები მატჩიდან