პოლიტიკა, სპორტის პოლიტიკა და უბრალოდ ფეხბურთი, თამაში რომელიც სხვა ყველაფერზე მაღლაა
პოლიტიკა, სპორტის პოლიტიკა და უბრალოდ ფეხბურთი, თამაში რომელიც სხვა ყველაფერზე მაღლაა
20.03.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მატჩებისთვის შეკრება ოფიციალურად დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდმა, არასრული შემადგენლობით დღეს, პირველად თბილისში, ანდრო ჟორდანიას სახელობის „დინამო თბილისის" ბაზაზე ივარჯიშა. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს სფფ-ს ტექნიკური ცენტრი „ბასა" აშენდა, ეს კი თითქმის ერთ ათეულზე მეტი წლის წინ იყო, ეროვნულ ნაკრებს, დიღმის მასივში აღარ უვარჯიშია.  მშობლიურ ბაზაზე, ეროვნული ნაკრების პირველ ვარჯიშზე არ იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც საქართველოში ხვალ ჩამოდის.

ტრადიციული შეხვედრა მედიასთან, რომელსაც საფუძველი სანიოლის გუნდში მოსვლის შემდეგ ჩაეყარა და როგორც წესი, ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ ეწყობა, ამჯერად, ვაკეში, სასტუმრო „პულმანის" საკონფერენციო სივრცეში ჩატარდა.


ალბათ, ბევრი გულშემატკივარი და მათ შორის მეც, მედიის წარმომადგენელი, ჩემი კოლეგებისგან უფრო კვარაცხელიასთან დაკავშირებულ კითხვებს ველოდი, თუმცა, „კვარასთან" კონტექსტში, მხოლოდ ერთი შეკითხვა დაისვა და ისიც, უფრო პოლიტიკური ჭრილიდან იყო, ვიდრე სპორტულიდან.


„ლუჩიანო სპალეტი, საქართველოში არ ცხოვრობს საქართველოში და შორიდან დანახულით, შესაძლოა გარკვეული განცხადებები აკეთოს. ფეხბურთელები ზრდასრული ადამიანები არიან და მათ თავისუფალ ქვეყანაში აქვთ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. ასეთი თემები ნორმაა სოციალურ მედიში.საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, კარგად მიმიღეს და ეს ქვეყანა, ძალიან მიყვარს. არასდროს პოლიტიკური კუთხით კომენტარი არ გამიკეთებია და არც სამომავლოდ ვაპირებ. ყველა პოზიციას პატივს ვცემ. მე, ფეხბურთის მწვრთნელი ვარ და არაფერი მეტი. მინდა, რომ საქართველოს წარმატებები ვუსურვო და მსურს საუკეთესო მომავალი ჰქონდეს", - ამბობს ვილი სანიოლი, რომელიც ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებზე, საბა საზონოვზე და ლუკა გაგნიძეზე საუბრობდა.




„თანამედროვე საზოგადოება ყოველთვის ებრძვის განსხვავებულ აზრს, მეც შეიძლება მქონდეს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ ეს ფეხბურთია. ფეხბურთი ფეხბურთია, პოლიტიკა კიდევ პოლიტიკა. მე მინდა საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებიც კარგ სანახაობას და შედეგს შემოგვთავაზებენ. საბა საზონოვი და ლუკა გაგნიძე არიან ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც ძალიან დაგვეხმარებიან. საზონოვმა არაერთხელ დაგვიდასტურა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი. თუ მივიჩნევ, რომ ის დაგვეხმარება ნორვეგიასთან შეხვედრაში, აუცილებლად ითამაშებს. ნოემბრის შეკრებაზე მაჩვენა პროფესიონალური მიდგომა და ბედნიერი ვარ მისი საქართველოს ნაკრებში ყოფნით. რაც შეეხება გაგნიძეს, ეროვნულ გუნდში აქამდე არ გამომიძახებია. ვფიქრობდი, რომ არ იყო მზად, თუმცა დავაკვირდი მის თამაშს. ახლა კი, ნაკრებში ყოფნის შანსი დაიმსახურა. მას შეუძლია დაგვეხმაროს ჩვენი მიზნის მიღწევაში".




და ბარემ, რომ „პოლიტიკა" დავასრულოთ კიდევ ერთი დეტალიც დღეს გამართული პრეს-კონფერენციიდან. 2022 წელს, გიბრალტართან გასვლაზე ჩატარებული მატჩისა და მთელი რიგი არასასიამოვნო მოვლენების შემდეგ, ეროვნული ნაკრების განაცხადში აღარ მოხვდა ვაკო ყაზაიშვილი. დღეს, ჟურნალისტებმა ვილის ვაკოს თაობაზეც დაუსვეს კითხვა.


„ყაზაიშვილს რაც შეეხება, ანგარიში უნდა გაუწიოს თანაგუნდელებს და მე. გუნდში უნდა იყოს პოზიტიური განწყობა. ეს ეხება ყველა მოთამაშეს. ეროვნული ნაკრები არის, ეროვნული ნაკრები. ამ მომენტში ვაკო არ არის ჩემი მხედველობის არეში.. მომავალში შესაძლოა შეიცვალოს ეს გარემოება... ეს არ არის სიკვდილ-სიცოცხლის თემა. ეს არის ფეხბურთი. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ ტალღაზე", - ამბობს სანიოლი.


ახლა კი, უშუალოდ მოახლოებულ თამაშებს დავუბრუნდეთ. რამდენიმე დღეში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო მატჩს გამართავს, ნორვეგიის ნაკრებთან, რომლის შემადგენლობაშიც  ერლინგ ჰაალანია და რომლის ნახვაც, „მანჩესტერ სითის" ქართველ გულშემატკივარს ისევე უხარია, როგორც სრულიად საქართველოს ხვიჩა კვარაცხელიასი.


„თუ ნორვეგიას ჰაალანდი ჰყავს, საქართველოს ჰყავს კაშია", - სიტყვამოსწრებულია სანიოლი, რომელსაც მიაჩნია, რომ ის საფუძველი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მისი მოსვლის შემდეგ ჩაიყარა, წყალში არ უნდა ჩაიყაროს. „ნორვეგია ძალიან ძლიერი გუნდია, ტოპ მოთამაშეებით. თუმცა, ჩვენც დავამტკიცეთ, რომ გვყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებიც მაღალი დონის მეტოქეებთან კარგად ასპარეზობენ. ვთამაშობთ საკუთარ მოედანზე და ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. არ ვამბობ, რომ აუცილებლად მოვიგებთ, თუმცა ჩვენი მიზანი და სურვილი სწორედ გამარჯვებაა. ახალი ტურნირი იწყება, გუნდს გასულ წელს მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდა და იგივეს ველი წელსაც" - ამბობს სანიოლი.




საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლაპარაკიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, 25 მარტს, მონღოლეთთან, ამხანაგური მატჩისას, სანიოლი შეეცდება ის ფეხბურთელები კიდევ ერთხელ დაინახოს საქმეში, ვისაც შედარებით ნაკლები სათამაშო დრო აქვთ გუნდებში. „მონღოლეთთან ამხანაგურია, მაგრამ ნორვეგია უფრო მაღალი დონის თამაშია და მე ამისთვის მზად უნდა ვიყო. ვიცით, რომ ამ მხრივ პრობლემები გვაქვს, განსაკუთრებით მარცხენა ფლანგზე. გრძელვადიან პერსპექტივაში, სიტუაცია თუ არ შეიცვალა, სათამაშო პრაქტიკის გარეშე მყოფ ფეხბურთელებს ნაკრებში მოხვედრა გაუჭირდებათ," - ამბოს სანიოლი.


მიმდინარე სანაკრებო ფანჯრის მატჩებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით, რომელთა ნაწილსაც სათამაშო პრაქტიკა აკლია, მაგალითად აზაროვს, რომელსაც სანიოლის აზრით ახალ კლუბში რთული სტარტი ჰქონდა, ასევე, ორი თვის უთამაშებელ ლოჩოშვილსა და  წიტაიშვილს, რომელსაც ასევე რთული პერიოდი აქვს, ვილიმ, ასე თუ ისე ისაუბრა. აი, ოთარ კიტეიშვილზე კი, რომელიც მე პირადად ძალიან მაკლია ნაკრებში, ან ნიკა კაჭარავაზე, რომელიც ქართულ საფეხბურთო ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ, არც თუ ურიგოდ გამოიყურება და კიდევ რამდენიმეზე, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს და ბუნებრივია, ნაკრებიც „კოწიას გარმონი" არაა, რომ გაიწელოს, დღეს მედია არ დაინტერესებულა.


სამაგიეროდ ისაუბრა დავით ხოჭოლავას ტრავმაზე (დათის ოპერაციის შემდეგ, ამ თემას ცალკე დავუბრუნდები), „დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის" ორ აღზრდილზე - გიორგი ჩაკვეტაძეზე და 17 წლის გაბრიელ სიგუაზე.




„გიორგი ჩაკვეტაძეს რაც შეეხება, ცუდ პერიოდშიც კი, მისთვის ჩვენი გუნდის კარი ყოველთვის ღია იყო. ვიცი, რომ უყვარს ეროვნული ნაკრები და ბედნიერი ვარ, რომ ახლა მეტი სათამაშო დრო აქვს. არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოზიციაზე, მთავარია, რომ თამაშობს და სწორედ ამიტომ, არის ჩვენთან ერთად. გიორგისთან, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ვისაუბრებთ. იცის, ჩვენი ბოლოდროინდელი ტაქტიკური სქემა და კარგ ფორმაში მყოფ ჩაკვეტაძეს რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია ჩვენთვის სარგებლის მოტანა. ბედნიერი ვარ, რომ თითქმის ყველა თამაშში მონაწილეობს. ახლა, მას სწორედ, ეს სჭირდება ყველაზე მეტად, რათა მომავალში უფრო ძლიერი იყოს", - ამბობს სანიოლი.


სხვათა შორის, დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე არც მედია და არც სამწვრთნელო შტაბი არ „დაწვრილმანებულან" ქართული ლეგიონის მეტ-ნაკლებად წარმატებულ საკლუბო ცხოვრებაზე. თუმცა, ეს გასაგებიცაა. აი, სიგუასთან დაკავშირებით კი, ვილის კომენტარი ასეთია: „გაბრიელ სიგუა თანამედროვე ფეხბურთელია, რომელიც დაცვაშიც და შეტევაშიც პროდუქტიულია. ასეთ მოთამაშეებს ევროპაში ძალიან აფასებენ. მას, გორეცკას შევადარებდი. თავის ასაკთა შედარებით ფიზიკურად განვითარებულია. მიეცემა თუ არა მას ამ ჯერზე სათამაშო დრო, ჯერ ვერაფერს გეტყვით.  არ აქვს მნიშვნელობა ასაკს და კლუბს, თუ დაიმსახურებ, სათამაშო პრაქტიკას აუცილებლად მიიღებ. ექნება შესაძლებლობა, მაჩვენოს რა შეუძლია. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვ. ისეთივე იყოს ჩვენთან, როგორიც დინამოშია. ბოლო პერიოდში საკმაოდ შთამბეჭდავად ასპარეზობს. ბევრი ვიფიქრე, ადრე ხომ არ იყო მისი გამოძახება, თუმცა მოედანზე ამტკიცებს, რომ მზად არის და ვფიქრობ, პიროვნულადაც მზად იქნება ნაკრებში ყოფნისთვის".




საქართველოს ნაკრები ევრო 2024 წლის საკვალიფიკაციო ჯგუფის სასტარტო შეხვედრამდე ბოლო ამხანაგურ თამაშს, 25 მარტს, 18:00 საათზე ბათუმში, მონღოლეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. 28 მარტს კი, 20:00 საათზე ვილი სანიოლის გუნდი, ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება.





#მევარსაქართველო

სტატიაში გამოყენებულია სფფ-ს ©ლაშა კუპრაშვილის ფოტოები

სტატია რედაქტირებულია 21:50 საათზე