ქართული ლეგიონის ამბები
ქართული ლეგიონის ამბები
20.03.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

იტალიის სერია A-ში საკვანძო მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა". ბოლონიური კლლუბი მილანში უშუალო კონკურენტ "არმანის" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში - 70:66 დაამარცხა. 

„ვირტუსი" თავიდანვე ფლობდა უპირატესობას და პირველივე ტაიმში გამოჩნდა, რომ გამარჯვება რეალური იყო. გადამწყვეტ მომენტში, თანაბარი თამაშისას მეტი სიზუსტე ბოლონიელებმა გამოავლინეს და ოთხი ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.


შენგელიამ 23 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. „ვირტუსში" მასზე მეტი, 12 ქულა მარკო ბელინელის ჰქონდა.


22 ტურის შემდეგ შენგელიას გუნდს 18 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორეა „მილანი", რომელსაც ერთით ნაკლები მოგება აქვს. სერია A-ში „ვირტუსი" მომდევნო მატჩს 26 მარტს „პესაროს" წინააღმდეგ გამართავს.


ვიდეო-კადრები მატჩიდან

***


სანდრო მამუკელაშვილმა სან ანტონიოში მორიგი მატჩი ჩაატარა. ტეხასელებმა ატლანტა ჰოუქსს უმასპინძლეს და მე-3 პერიოდში 24-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად გამარჯვება მოიპოვეს. სან ანტონიომ პირველ ნახევარში 83 ქულა მიიღო ატლანტასგან, სამაგიეროდ მეორე ტაიმში სუპერდაცვა ითამაშა, მხოლოდ 35 ქულა გაუშვა და ამის წყალობით შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა - 126:118.


მამუკელაშვილმა მოედანზე 19 წუთი გაატარა და 7 ქულა, 6 მოხსნა (4 შეტევაში), 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 4-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.


სპურსის რიგებში საუკეთესონი დევინ ვასელი და კელდონ ჯონსონი იყვნენ 29-29 ქულით, ამ უკანასკნელმა კი 12 მოხსნაც მიითვალა.


სპურსმა 19 მოგება და 52 მარცხი მოაგროვა და დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა მე-14 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 22 მარტს ნიუ ორლეანს პელიკანსთან ჩაატარებს.


გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი" „ლეიკერსს" ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 105:111 დამარცხდა.


ქართველმა ცენტრმა 15 წუთი ითამაშა, 3 ქულა, 4 მოხსნა, 2 დაფარება და თითო ჩაჭრა-პასი მოაგროვა


„ორლანდოს" 29 მოგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.


ვიდეო-კოლაჟი მატჩიდან



***

დუდა სანაძის შედეგიანი თამაშის მიუხედავად, ფამაგუსტა "ანორთოსისმა" კვიპროსის ჩემპიონატში მარცხი განიცადა. ეს მოხდა მორიგი ტურის მატჩში, რომელშიც ანორთოსისმა კერავნოსს უმასპინძლა და 72:77 წააგო.


ქართველი ლეგიონერი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 33:47 წუთში 21 ქულა, 4 მოხსნა (1 შეტევაში) და 2 პასი მიითვალა.


სანაძემ 8-დან 4 ორქულიანი, 9-დან 3 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ. 


ანორთოსისს კვიპროსის ჩემპიონატში 9 მოგება და 10 მარცხი მოუგროვდა. დუდას გუნდი 28 ქულით მე-6 ადგილზეა და რეგულარული სეზონის ბოლო მატჩს პარალიმნის წინააღმდეგ ჩაატარებს.