საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ჩვენმა გუნდმა, საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში ლიეტუვას წინააღმდეგ ითამაშა და ანგარიშით 12-6 დაამარცხა. ქართველთა გუნდიდან ამ შეხვედრაში გოლები გაიტანეს ალექსანდრე ჩხეიძემ (4), ნიკოლოზ ყურაშვილმა (3), ლაშა -იორგი ხუციანიძემ (2) და გიორგი ვეშაგურმა (2).
ა ჯგუფი საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში 3 შეხვედრა გამართა, უკვე აღნიშნული თამაშის გარდა, ჩვენებმა მოახერხეს დაემარცხებინათ კვიპროსი 16-5 და ერთი დღით ადრე, სძლიეს ჩეხეთს 12-8. შესაბამისად, საქართვლოს 17-წლამდეთ ნაკრებმა ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო და ქულების მაქსიმუმით, პირველ ადგილთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურიც მოიპოვა.
1. საქართველო- 9
2. ლიეტუვა - 6
3. კვიპროსი -3
4. ჩეხეთი -0
საქართველოს ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს, B ჯგუფიდან საფრანგეთმა და გერმანიამ, C ჯგუფიდან რუმინეთმა და უკრაინა, D ჯგუფიდან მალტამ და პოლონეთმა. ამ უკანასკნელმა, დაძაბულ ბრძოლაში სლოვაკეთის ძლიერი გუნდი გადამწყვეტ, ბოლო შეხვედრაში დაამარცხა და უშუალო კონკურენტს 3 ქულით აჯობა.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება 2021 წლის კვალიფიკაციით უკვე ჰქონდათ სერბეთის, საბერძნეთის, უნგრეთის, ესპანეთის, მონტენეგროს, ხორვატიის, ნიდერლანდებისა და იტალიის ნაკრებებს. ჩემპიონატის წილისყრა, რომელიც თურქეთში, კონკრეტულად მანისაში, 29 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, 1 აპრილს გაიმართება. სწორედ აქ გაირკვევა ჩვენს მიერ უკვე დასახელებული 15 და კიდევ, მასპინძელი თურქეთის ნაკრებებიდან ვისთან ერთად მოუწევს ასპარეზობა საქართველოს ნაკრებს.
ფოტო: © საქართველოს საწყლოსნო სახეობების ფედერაცია