საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა სერბებთან გამარჯვებით დაასრულა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა სერბებთან გამარჯვებით დაასრულა
14.03.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის B ჯგუფის ბოლო შეხვედრა ჩაატარა, მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან, სერბეთის ეროვნულ ნაკრებთან და პენალტების სერიაში მოიგო. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 11-11 დასრულდა. ფრე, 4-4 დაფიქსირდა პენალტების სერიაშიც, თითო ბურთი მეკარეებმა მოიგერიეს, საბოლოოდ კი, გამარჯვებული გაფუჭებულმა პენალტმა გადაწყვიტა. უფრო ზუსტად, რაზმაძემ ბოლო დარტყმული აუღო ვუნიჩიჩს, იმნაიშვილმა კი, ბოლო პენალტი ზუსტად შეასრულა და საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა 23-22 გაიმარჯვა. ამით, საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასზე მეორე შეხვედრა მოიგო.

სერბი მწვრთნელის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები, რომელსაც მომდევნო ეტაპზე გასვლის აღარანაირი შანსი არ ჰქონდა, სერბებთან მატჩში პრესტიჟისთვის და როგორც თამაშმა ანახა, სიამოვნებისთვის გამოვიდა. მატჩის გმირად, თამაშის შემდეგ მარკო ელაჩას დაასახელებენ, რომელმაც პენალტების სერიაში 3 გაიტანა. თუმცა, არც ახალგაზრდა ნიკა შუშიაშვილი უნდა დაგვავიწყდეს, რომელმაც თამაშის დროს 4 გოლი გაიტანა და შემდეგ, პენალტების სერიაში ორი მცდელობიდან კიდევ ერთი დაუმატა. საბოლოოდ, ნიკა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.



სხვთა შორის, სერბებთან მატჩშიც ანგარიში სწორედ შუშიაშვილმა გახსნა და პირველი მეოთხედის შემდეგ მისი გვარის გასწვრივ უკვე, 2 გოლი ეწერა. საქართველოს ნაკრებმა პირველ პერიოდში მოახერხა მცირე უპირატესობის მოპოვება და ბოლო მეოთხედამდე, სერბები წინ არ გადაუშვა. პერიოდების მიხედვით ანგარიში შემდეგნაირად გამოიყურებოდა 4-2, 2-3, 2-3. გადამწყვეტი მეოთხედის წინ ტაბლოზე საყაიმო ანგარიში იყო. საქმე ისაა, რომ სერბებმა ამ შეხვედრამდე, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხეს და როგორც ჩანს, ბალკანურმა გუნდმა, რომელშიც თაობათა ცვლა მიმდინარეობს, საქართველოს ნაკრები შესაბამისად არ დააფასა. რაც შეეხება ჯგუფური ეტაპის კალენდრიდან გამოწვეულ დაღლას, აქ, ორივე გუნდი თანაბარ პირობებში იყო. თუმცა, გადამწყვეტი მონაკვეთში სერბეთმა საკუთარი თამაში თითქოს, მაინც იპოვა და დაწინაურებაც მოახერხა, მაგრამ ქართველთა გუნდმა, მათ „გაქცევის" საშუალება არ მისცა და უფრო მეტიც, ბოლოს თამაშიდან მოგებაც კი შეეძლოთ.  თუმცა, ბოლო პერიოდი ფრედ 3-3, მატჩის ძირითადი დროც ასევე ფრედ  11-11 დასრულდა. სერბეთისთვის ეს ანგარიში სანერვიულო იყო, რადგან ჯგუფიდან გასასვლელად, ახლა ბერძნებისთვის უნდა ექომაგათ. ქართველთა გუნდმა კი, მორიგი წარმატებული სტრიქონი ჩაწერა ქართული წყალბურთის ისტორიაში.


საქართველოს ნაკრები: რაზმაძე, ახვლედიანი, დადვანი, შუშიაშვილი (4), ბითაძე  (1), ელაჩა, ადეიშვილი,  ტყეშელაშვილი (2), იმნაიშვილი, მაგრაქველიძე (2), ვასიჩი  (2), დიხტიარენკო, გვეტაძე


დრამატიზმი არც პენალტების სერიას აკლდა და მატჩის ბედიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაფუჭებულმა პენალტმა გადაწყვიტა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 12-11 მოიგო:


მანდიჩი - რაზმაძე სეივი, ვასიჩი 1-0; იანკოვიჩი 1-1; ელაჩა 2-1; ვუჩინიჩი 2-2; იმნაიშვილი 3-2, ს. რასოვიჩი 3-3; ახვლედიანი 4-3, ლუკიჩი 4-4, შუშიაშვილი - მისოვიჩი სეივი;


მანდიჩი 5-4, ვასიჩი 5-5, იანკოვიჩი 6-5; ელაჩა 6-6; ვუჩინიჩი 7-6; იმნაიშვილი 7-7; ს. რასოვიჩი 8-7, ადეიშვილი 8-8, ლუკიჩი 9-8, შუშიაშვილი 9-9; მანდიჩი 10-9, ვასიჩი 10-10; იანკოვიჩი 11-10, ელაჩა 11-11; ვუნჩიჩი - რაზმაძე სეივი; იმნაიშვილი 12-11.



რაც მთავარია საქართველოს ნაკრებმა A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა და „ერთი წლით" გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ჯგუფური თამაშების მიმდინარეობისას დეიან სტანიოიევიჩმა, მსოფლიოს თასის რანგის თამაშებში ახალგაზრდა და ეროვნულ სანაკრებოდ ახალბედა ქართველ მოთამაშეებს მისცა სათამაშო დრო. ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასეთი გადაწყვეტილება, ანდო თამაში ახალგაზრდა მოთამაშეებს, ცალსახად მათ გაზრდაში და პროფესიონალ მოთამაშეებად ჩამოყალიბებაში შეუწყობს ხელს.


ალბათ, უნდა ითქვას, რომ მიმდინარე გათამაშებაში, ჩვენი გუნდის ამოცანა მინიმუმი დივიზიონში ადგილის შენარჩუნება და ერთი თამაშის მოგება იყო. საქართველოს ნაკრებმა ეს ამოცანა კარგად შეასრულა და პატარა სენსაციაც გამოაცხო, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში.  დივიზიონში ადგილის შენარჩუნების გარდა, მოუგო ავსტრალიასაც 13-12, თუმცა, შეეძლო კიდევ ერთი მატჩის მოგება, მონტენეგროსთან, რომელშიც მსგავსი ანგარიშით, 13-12 დამარცხდა.


ამის შემდეგ, ქართველთა ნაკრები, სადაც ახალგაზრდა წყალბურთელების დიდ ნაწილს მიეცა თამაშის საშუალება, ასე ვთქვათ, უმაღლესი დონის „მასტერკლასზე" დარჩნენ, რამეთუ ბოლო სამი შეხვედრა, მათ ევროპისა და მსოფლიოს უძლიერესი გუნდების წინააღმდეგ ჩაატარეს.



ესპანეთი - საქართველო 20-10 (6-2, 6-1, 6-2, 2-5):


მონტენეგროსთან და ავსტრალიასთან თანაბარი და მძიმე თამაშების შემდგე დაღლილ, მსოფლიო თასზე მოასპარეზე დებიუტანტ საქართველოს ნაკრებთან, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ესპანეთს, დაახლოებით სამი წუთი დასჭირდა, რომ ეჩვენებინა ვინ იყო „ბატონი". სწორედ, ამ დროში ესპანელები 3 ბურთით დაწინაურდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აქ, ვასიჩმა, ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა, ესპანელებმა ორი გოლით უპასუხეს და უკვე 6 წუთის შემდეგ ანგარიშში 5-1 მიჰყავდათ. საბოლოოდ ეს პერიოდი 6-2 დასრულდა, ანალოგიური სცენარით და თითქმის იდენტური ანგარიშით დამთავრდა მეორე და მესამე მეოთხედები. აი, ბოლოში კი, ესპანეთმა საქმე გაკეთებულად ჩათვალა და უბრალოდ, თამაში ბოლომდე მიიყვანა. დასკვნითი მეოთხედის წინ ესპანეთი 14-4-ს გვიგებდა. შესაბამისად, ძალები შეინახეს. ქართველებმა კი, ბოლო პერიოდში, ოდნავ გაილაღეს და 2-5 მოიგეს. თუმცა, ეს ის თამაში და ანგარიში იყო, რომელსაც ესპანეთი თავიდან ბოლომდე აკონტროლებდა. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა „კარგი გაკვეთილი" შეისწავლა.


საქართველოს ნაკრები ესპანელებთან მატჩში: რაზმაძე, ჩიქოვანი, დადგვანი, შუშიაშვილი  (3), ბითაძე, ადეიშვილი, ჯახაია, სარიჩი (2), იმნაიშვილი (1), მაგრაქველიძე (3), ვასიჩი (1), დიხტიარენკო, გვეტაძე.



საბერძნეთი - საქართველო  17-7 (4-2, 5-1, 3-2, 5-2)


ბერძნებთან მატჩი ქართველებთან შედარებით, ბევრად ტიტულოვანი გუნდის კარნახით წარიმართა. რეალურად, ამ თამაშში, ჩვენმა გუნდმა მესამე ადგილზე გასვლის შანსი დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნები საუკეთესო ცენტრ-ფორვარდის კონსტანტინოს კაკარისის გარეშე თამაშობდნენ 2 მეტრიან ზონაში მათი შეჩერება ფაქტობრივად ქართული გუნდისთვის შეუძლებელი იყო. ქართველებმა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსნებს ფეხი, მხოლოდ პირველი პერიოდის საწყისს წუთებში აუწყვეს, როდესაც ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, 2-2. ამის შემდეგ ბერძნებმა სრულად აიღეს უპირატესობა, ორი მეოთხედი მოიგეს 4-2, 5-1 და დიდ შესვენებაზე, 6 ბურთის უპირატესობით, 9-3 გავიდნენ.  მიუხედავად იმისა, რომ დეიან სტანოიევიჩის გუნდი ბოლომდე იბრძოდა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, ქართველებმა ბოლო ორი პერიოდიც წააგეს 3-2, 5-2, თან ისე, რომ მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხეს. საბოლოოდ, ბერძნებმა, 17-7 მოგვიგეს.


საბერძნეთთან ჩვენი გუნდი შემდეგი შემადგენლობით თამაშობდა: რაზმაძე, ახვლედიანი დადვანი, შუშიაშვილი (1), ბითაძე (1), ელაჩა, ადეიშვილი, სარიჩი, იმნაიშვილი, მაგრაქველიძე (2), ტყეშელაშვილი (1), დიხტიარენკო (2), გვერაძე.



ფოტო: © fina.org / Krsto Vulovic/ Vaterpolo savez Crne Gore