21-წლამდეთა ევროს „Countdown“ - ი დაიწყო
21-წლამდეთა ევროს „Countdown“ - ი დაიწყო
12.03.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ევროპის 21-წლამდეთ ჩემპიონატამდე, რომელსაც საქართველო, 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს 100 დღე რჩება. ოფიციალურად ხვალიდან, აღნიშნულ ტურნირზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა  www.under21tickets.ge - ზე იქნება შესაძლებელი. საქართველოს მასშტაბით, ბილეთების აბონიმენტების ფასი, რომლის შეძენის შემთხვევაშიც კონკრეტულ სტადიონზე სამივე შეხვედრაზე დასწრება შეგეძლებათ, 25 ლარიდან 50 ლარამდე მერყეობს. საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრები ჯგუფურ შეხვედრებს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამართავს. ამ თამაშებზე დასასწრებად 13 მარტიდან ორი კატეგორიის 25 და 35 ლარის ღირებულების აბონიმენტები გაიყიდება.

სფფ-ს ინფორმაციით, ბილეთები, პირველ ეტაპზე სპეციალურ ფასად, აბონემენტების ფორმატში გაიყიდება, რომელშიც სტადიონების მიხედვით გაერთიანებული იქნება ჯგუფური და მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები. აბონემენტების გაყიდვა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.


ხვალვე, ჩემპიონატის დაწყებამდე, 100 დღით ადრე, საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ჩემპიონატისადმი მიძღვნილი სპეციალური საათები უკუსვლას დაიწყებენ. ტურნირის მასპინძელ საქართველოს სამ ქალაქში თბილისში - პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქუთაისში - ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ და ბათუმში - ცენტრალური ბულვარის შესასვლელში საათები ერთდროულად, 17:30 წუთიდან ჩაირთვება.


შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატში საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა A ჯგუფში ასპარეზობს. რამაზ სვანაძის გუნდთან ერთად, ჯგუფიდან გასვლას პორტუგალიის, ბელგიისა და ნიდერლანდების ნაკრებები შეეცდებიან. ახალგაზრდულ ევროზე კი, საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვა ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მამარდაშვილს, ზურიკო დავითაშვილს, გიორგი მიქაუტაძეს, ანზორ მექვაბიშვილს, გიორგი წიტაიშვილს და ამ და უფრო უმცროსი თაობის ბევრ საინტერესო ქართველ ფეხბურთელს მოუწევთ.