სანდრო მამუკელაშვილის მე-3 და ყველაზე შედეგიანი მატჩი სან ანტონიოში. 24 წლის ქართველმა ფორვარდმა ლეგენდარული მწვრთნელის, გრეგ პოპოვიჩის გუნდის მაისურით "დენვერ ნაგეტსის" წინააღმდეგ 12 წუთი ითამაშა და თავი 11 ქულას, 4 მოხსნას და 2 პასს მოუყარა. აღსანიშნავია, რომ სანანტონიოელთა მეტოქე გახლდათ დასავლეთ კონფერენციის ლიდერი, 67 მატჩიდან 46-ის მომგები დენვერი, რომლის 128:120 (სტატისტიკა) დამარცხებაში თავისი წილი მამუკელაშვილმაც შეიტანა.
საგულისხმოა, რომ სანდრომ წინა 2 მატჩზე მცირე ხნით ითამაშა, თუმცა გაცილებით შედეგიანი იყო. შეგახსენებთ, რომ სან ანტონიოში მისვლის შემდეგ მამუკელაშვილმა სადებიუტო მატჩში ჰიუსტონს 16 წუთში 6 ქულა ჩაუგდო და მომდევნო მატჩშიც ამავე გუნდის წინააღმდეგ 17 წუთში 6 ქულა მოაგროვა. აღნიშნული ორივე მატჩი სან ანტონიომ წააგო, რის შემდეგაც, დღეს, კონფერენციის ლიდერს უმასპინძლა და ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა.
მამუკელაშვილი მოედანზე სწორედ მაშინ იდგა, როცა მატჩის ბედი წყდებოდა. პოპოვიჩმა სანდრო თამაშში ბოლო პერიოდის პირველივე წამიდან შეუშვა და თამაშის ბოლომდე მოედანზე დატოვა. შედეგად, ქართველმა ფორვარდმა მოედანზე ზუსტად 12 წუთი გაატარა და საკმაოდ შედეგიანიც გახლდათ.
სანდრომ 2-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 11 ქულას მამუკელაშვილმა 4 მოხსნა და 2 პასი მოაყოლა. ქართველი ფორვარდი საკმაოდ აქტიური იყო და 3-ჯერ დაჯარიმდა, ბურთი კი ერთხელაც არ დაუკარგავს. მატჩი თავიდან ბოლომდე დაძაბული იყო. საფინალო სირენამდე 2 წუთი რჩებოდა, როდესაც ქართველმა ფორვარდმა სამქულიანი სტყორცნა და სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა - 123:116. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.
სანანტონიოელთაგან 23 ქულით, 8 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო კელდონ ჯონსონი. 20 ქულა მიითვალა დაგ მაკდერმოტმა, ხოლო მთლაინად მატჩის საუკეთესო შედეგი დენვერელმა ნიკოლა იოკიჩმა დააფიქსირა - 37 ქულა, 11 მოხსნა, 11 პასი. იოკიჩთან დაკავშირებით ერთი მომენტია აღსანიშნავია: ბოლო პერიოდში, როცა მამუკელაშვილი მოედანზე იყო, იოკიჩმა 8:10 წუთი ითამაშა და 6 ქულა ისე მიითვალა, ბურთი არ მოუხსნია.
„სპურსისთვის" ეს რეგულარულ ჩემპიონატში მე-17 გამარჯვება იყო. სან ანტონიო მომდევნო მატჩს 13 მარტს, „ოკლაჰომასთან" შინ გამართავს.