მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის მეორე ჯგუფურ შეხვედრაში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს დაღლაც ეტყობოდა და ამასთან ერთად, ტექნიკური მონტენეგროელების შემდეგ, უხეში აბორიგენელების წინააღმდეგ გარკვეული ადაპტაცია დასჭირდათ. საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ პირველი ისტორიული შეხვედრა ჩაატარა, საწყის ორ პერიოდში, საკმაოდ ბევრი წვრილმანი შეცდომა დაუშვა, თუმცა ანგარიში იოან სარიჩის გოლით გაიხსნა და ბოლოს შეხვედრის ბოლო წამებზე ნიკა შუშიაშვილის გამარჯვების გოლით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა 13-12 მოიგო და ახლა, ესპანეთის ნაკრებთან თამაშამდე, მონტენეგროს ნაკრებთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს.
„საკმაოდ უსახური თამაში იყო. თითქმის ყველა ასპექტში შორს ვიყავით ჩვენი საუკეთესო თამაშისგან, თუმცა, თამაშის დასრულების შემდეგ, მთავარია გამარჯვება", - ამბობს ნიკა შუშიაშვილი თამაშის დასრულების შემდეგ.
დღევანდელ მატჩში კი ჩვენმა გუნდმა პირველი პერიოდი 1-2 წააგო. მეორე პერიოდის საწყის წუთებში კიდევ, ორი გოლი გავუშვით და ავსტრალიელებიც კომფორტულად 3 ბურთით დაწინაურდნენ. თუმცა, მონაკვეთის დასრულებამდე სამ წუთნახევრით ადრე, ჯერ მარკო ელაჩამ, შემდეგ კი, გიორგი მაგრაქველიძემ მოახერხეს ანგარიშში სხვაობის 1 ბურთამდე შემცირება. პერიოდი 2-2, პირველი ტაიმი კი, 3-4 დასრულდა ავსტრალიელთა სასარგებლოდ.
თანაბრად დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა შეხვედრის მესამე მეოთხედი, რომლის დასაწყისშიც ჩვენმა მოწინააღმდეგემ სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა. თუმცა, საპასუხო შეტევაში სანდრო ადეიშვილმა სტატუს-კვოს აღდგენა მოახერხა. მომდევნო წუთებში თამაში ბურთი-ბურთში მიდიოდა. შეხვედრის ამ მონაკვეთში მარკო ელაჩამ საჭირო მომენტში კვლავ გაიტანა. ამის შემდეგ, უკვე დაცვაში გამართულად იმუშავეს შუშიაშვილმა და ვაკო დადვანმა, საქართველოს ნაკრების შეტევა კი, ანდრია ბითაძემ გოლით დააგვირგვინა. დეიან სტანოიევიჩის გუნდმა კვლავ მოახერხა ამით ანგარიშის გათანაბრება, 7-7. დარჩენილ დროში, სარიჩმა კიდევ ერთხელ გაათანაბრა, ელაჩამ კი, შეხვედრის პირველი წუთების შემდეგ, საქართველოს ნაკრები პირველად დააწინაურა. მესამე პერიოდის დასრულებამდე 10 წამით ადრე, ბითაძემ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და გადამწყვეტი მეოთხედის წინ, ჩვენი გუნდი ორი ბურთით 10-8 დაწინაურდა. ამ მონაკვეთში, საერთო ჯამში, 11 გოლი გავიდა, აქედან 7 საქართველოს ნაკრებმა გაიტანა.
საქართველოს ნაკრებმა, ბოლო პერიოდი 3-4 წააგო. შეხვედრის უკანასკნელ წამებამდე გუნდები თანაბრად მიდიოდნენ. ავსტრალიელებმა ჯერ შეამცირეს სხვაობა, შემდეგ დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრებს, კვლავ მდევრის როლში მოუხდა ყოფნა, თუმცა ვასიჩმა და დადვანმა, მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. ჩვენს მოწინააღმდეგეს, ზედმეტი ნერვიულობა დაეტყო, შუშიაშვილმა კი, გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დღევანდელ მატჩში: რაზმაძე, ახვლედიანი, დადვანი (1), შუშიაშვილი (1), ბითაძე (2), ელაჩა (3), ჯახაია, სარიჩი (2), იმნაიშვილი (1), ადეიშვილი (2), მაგრაქველიძე (1) ვასიჩი (1), დიახტიარენკო, გვეტაძე.
ფოტო: Krsto Vulovic/ Vaterpolo savez Crne Gore /@total-waterpolo.com