არც თუ მსაჯების „დაუხმარებლად" საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა, მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა მონტენეგროსთან ერთი ბურთის სხვაობით 13-12 წააგო. დეიან სტანოიევიჩის გუნდმა კარგად დაიწყეს და ანგარიშიც მარკო ელაჩას გოლით გახსნეს. მონტენეგროელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, თუმცა, დუშან ვასიჩისა და რეზი იმნაიშვილის გატანილი გოლების წყალობით, საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი 1-3 მოიგო.
მიუხედავად იმისა, რომ პოდგორიცაში (მონტენეგრო) მიმდინარე ჩემპიონატის ამ შეხვედრაში, მსაჯთა სიმპათიები მასპინძლების მხარეს იყო, საქართველოს ნაკრებმა, მეორე მეოთხედშიც მოახერხა ორბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაკვეთი ფრედ 5-5 დასრულდა. შეხვედრის ამ ნაწილში, ჩემპიონატის მასპინძელმა ქვეყანამ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, თუმცა, მარკო ელაჩას მორიგი გილის შემდეგ ჩვენი გუნდი კვლავ დაწინაურდა 3-4. მას შემდეგ კი, რაც ელაჩას გადაცემის შემდეგ, ნიკა შუშიაშვილმა მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღო, ორბურთიანი სტატუს-კვო აღსდგა 4-5. მონტენეგროელებმა, კვლავ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, ვასიჩმა კი, ჩვენების სასარგებლოდ დანიშნული გამონაკლისი პენალტი ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრები კვლავ დააწინაურა 5-6. დიდ შესვენებამდე გოლები ბესარიონ ახვლედიანმა და ანდრია ბითაძემ გაიტანეს და შესაბამისად, საქართველოს ნაკრები დიდ შესვენებამდე კვლავ ორი ბურთით (6-8) იყო წინ.
რეალურად საქართველოს ნაკრები, რომელიც მიმდინარე ტურნირზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ბორის ვაპენსკის გარეშე თამაშობს, მთელი მატჩის მანძილზე დომინირებდა. კარშიც კარგად იდგა ირაკლი რაზმაძე, რომელსაც საერთო ჯამში შეხვედრაში 15 „სეივი" ჰქონდა. ამ გარემოებას კი, წყობიდან გამოჰყავდა მასპინძლები. რომლებსაც საქართველოს ნაკრებთან ბოლო ორი დაპირისპირება, მაგალითად შარშან ევროპის ჩემპიონატზე 14-11, ბოლო კი, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 10-9 ჰქონდა მოგებული. სწორედ, შეხვედრის ამ მონაკვეთში გამოჩნდა მსაჯების მონტენეგროსადმი კეთილგანწყობა და სათამაშო აგრესიულობის გარდა, ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის სხვა სახის აგრესიასაც ძალიან მარტივა ატარებდნენ. შესაბამისად ეს პერიოდი მონტენეგრომ „მშრალად" 3-0 მოიგო და ბოლო მეოთხედის წინ, ერთი ბურთით, 9-8 დაწინაურდა.
ბოლო პერიოდში, რომელში 4-4 დასრულდა, გოლების ათვლა, შუშიაშვილმა დაიწყო. ანგარიში ქულა-ქულაში მიდიოდა, მონტენეგრო ერთი ბურთით ახერხებდა დაწინაურებას, ჩვენ ვახერხებდით გათანაბრებას. შესაბამისად, მომდევნო გოლიც შუშიაშვილის ანგარიშზეა. მატჩის დასრულებამდე 1'25'' ადრე, ანგარიშს უკვე ახვლედიანი ათანაბრებს, 0'33'' ადრე მორიგი გოლი ვასიჩის ანგარიშზეა. შეხვედრის დასრულებამდე 8 წამით ადრე, მონტენეგროელი რადიჩი ახერხებს საკუთარი გუნდის დაწინაურებას და მიუხედავად იმისა, რომ შესატევად საქართველოს ნაკრებს წამები ჰქონდა დარჩენილი, მატჩის გადასარჩენად ეს, საკმარისი არ აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველი შეხვედრა 13-12 წააგო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დღევანდელ მატჩში: რაზმაძე, ახვლედიანი (2), დადვანი, შუშიაშვილი (3), ბითაძე (1), ელაჩა (2), ჯახაია, სარიჩი, იმნაიშვილი (1), ადეიშვილი, ვასიჩი (3), დიახტიარენკო, გვეტაძე.
აქვე შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის გათამაშება ორ ქვეყანაში ხორვატიასა და მონტენეგროში მიმდინარეობს. ფინალური ეტაპის 6 საგზურისთვის 12 ნაკრები ორი ქვეყნის ორ ქალაქში, ზაგრებსა და პოდგორიცაში იბრძვის. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში სერბეთის, საბერძნეთის, ავსტრალიის, ესპანეთისა და მონტენეგრო ნაკრებებთან ერთად სამეულში შესასვლელად იბრძვის. შესაბამისად ჩვენს გუნდს, სანატრელ სამეულში შესასვლელად, კიდევ 4 თამაშში ბრძოლა, გამარჯვება და კიდევ გამართლება სჭირდება, რადგან ჯგუფის ორ ფავორიტთან სერბეთთან და საბერძნეთთან ჯერ არ უთამაშია.
მომდევნო შეხვედრას სტანოიევიჩის გუნდი, 9 მარტს, თბილისის დროით 22:30 საათზე ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს. ჯგუფის მომდევნო თამაშების გრაფიკი შემდეგნაირია:
10 მარტი / 20:30 / ესპანეთი - საქართველო
13 მარტი /20:30 / საბერძნეთი - საქართველო
14 მარტი / 20:30 / საქართველო - სერბეთი
რაც შეეხება ხორვატიაში მოასპარეზე A ჯგუფს აქ მომდევნო ეტაპის 3 საგზურისთვის იტალია, იაპონია, ხორვატია, უნგრეთი, საფრანგეთი და აშშ იბრძვიან.
ფოტო: © total-waterpolo.com