დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი გაიმართა ხელბურთში, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა 32-18 დაამარცხა. ეს, მიმდინარე ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი გუნდის პირველი გამარჯვებაა.
შეხვედრა სტუმრების გოლით გაიხსნა და მათ, პირველი ტაიმის საწყის წუთებზე ორჯერ მოახერხეს დაწინაურება, თუმცა, საქართველოს ნაკრებმა ორჯერ გათანაბრება და შემდეგ დაწინაურება მოახერხა და უპირატესობა ნელ-ნელა გაზარდა. პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები 9 ბურთით, ანგარიშით 16-7 იგებდა.
თამაშის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. საბოლოოდ, ჩვენმა გუნდმა უპირატესობა კიდევ გაზარდა და თამაში 14-ბურთიანი სხვაობით, 32-18 მოიგო.
დღევანდელ შეხვედრაში, ჩვენს ნაკრებიდან ყველაზე მეტი 11 გოლი გიორგი ცხოვრებაძემ გაიტანა. 7 გოლი ნიკოლოზ კალანდაძის, 4 გოლი გიორგი დიხამინჯიას, 3-3 ირაკლი კბილაშვილისა და ერეკლე არსენიშვილის ანგარიშზეა. მატჩის შემდგომ კი, ქართული გუნდიდან საუკეთესოდ, ზურაბ ცინცაძე, საქართველოს ნაკრების მეკარე დაასახელეს, რომელმაც მატჩის მსვლელობისას რამდენჯერმე კარი გარდაუვალი გოლისგან იხსნა.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკვე ლიეტუვაში, 12 მარტს გამართავს.
მატჩის ფოტო-ამბავი