გოგა ბითაძის 12 ქულა და 8 მოხსნა მილუოკისთან მატჩში
გოგა ბითაძის 12 ქულა და 8 მოხსნა მილუოკისთან მატჩში
08.03.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

გოგა ბითაძეს ორლანდოში სათამაშოდ საკმარისი დრო დაუთმეს და ქართველმა ცენტრმაც ორმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა. ფლორიდულმა გუნდმა კონფერენციის ლიდერს, სანდრო მამუკელაშილის ყოფილ კლუბ "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში - 123:134 დამარცხდა. ბითაძემ მოედანზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.


ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და ორლანდოს ძირითად მეფარეს, მორიც ვაგნერს ცვლიდა. საბოლოოდ ვაგნერმა ბითაძეზე 1 წუთით მეტი ითამაშა და 18 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. გოგამ მოედანზე ყოფნის პერიოდში 8-ჯერ შეუტია საშუალო დისტანციიდან და 6 ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მას ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. ორლანდოელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო მეორე ვაგნერი, სახელად ფრანცი, ხოლო იტალიური პასპორტის ამღებმა ამერიკელმა, პაოლო ბანჩერომ, რომელიც გასულ დრაფტზე ორლანდოელებმა პირველ ნომრად აირჩიეს, თავი 20 ქულას და 4 პასს მოუყარა.


ორლანდოს 27 მოგების წილ 39 მარცხი აქვს და პლეი ინში გასასვლელად იბრძვის. მორიგ შეხვედრას ბითაძის გუნდი 10 მარტს, შინ, იუტა ჯაზთან გამართავს.


ფრაგმენტები მატჩიდან