გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ სტუმრად ბილბაო დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. მართალია, მეორე ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე კიდევ 2 ტურია, თუმცა ტენერიფელებმა ოთხივე შეხვედრა მოიგეს და პლეი ოფის საგზური ნაადრევად გაინაღდეს.
მეოთხედფინალის საგზური ტენერიფელებმა დიდ ბრძოლაში მოიპოვეს. ესპანურ დერბიში შერმადინი და კომპანია ბილბაოს ესტუმრა, სადაც მასპინძელ გუნდთან გვარიანად აგებდა. ბოლო პერიოდის წინ ბილბაოელები 11 ქულით იგებდნენ, თუმცა გადამწყვეტ ათწუთეულში ტენერიფელებმა შეუდარებლად ითამაშეს, პერიოდი 22:9 მოიგეს და შეხვედრაც სათავისო ანგარიშით - 74:72 დაასრულეს.
ამ ამბავში ერთ-ერთი წამყვანი ქართველი ცენტრი გახლდათ. შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 26:22 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 15 შეადგინა, რაც ტენერიფელთაგან მეორე შედეგი გახლდათ. საუკეთესო მარსელინიო ჰუერტასი გახდა, რომელმაც 16 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა მიითვალა.
ჯგუფის დარჩენილ 2 მატჩს ტენერიფე 15 მარტს სტუმრად მურსიასთან და 21 მარტს შინ დარუშაფაკასთან გამართავს.
***
ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე მეოთხედფინალში გასასვლელად იბრძვის ესპანური მურსია, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების 2 წევრი - რატი ანდრონიკაშვილი და თად მაკფადენი იცავენ. მურსია იმ ჯგუფშია, რომელშიც 4-დან 4 გამარჯვება და გასვლის გარანტია უკვე მოპოვებული აქვს გიორგი შერმადინის ტენერიფეს.
მურსიელებმა გასულ ტურში დიდი ომი გადაიტანეს სტამბოლში, დარუშაფაკასთან. შეხვედრის ბერი ვერც ძირითად დროში გაირკვა და ვერც ოვერტაიმში. მეორე დამატებითი 5-წუთეული მასპინძლებმა 12:11 მოიგეს და გამარჯვებაც დარუშაფაკას დარჩა - 105:104.
მურსიას ეს შეხვედრა რომ მოეგო, ტენერიფესთან ერთად თითქმის გაინაღდებდა პლეი ოფის საგზურს, თუმცა, როგორც ხედავთ, დრამატულ, ოროვერტაიმიან ბრძოლაში, ბოლო წამებზე, ქულით დამარცხდა. მურსიელთაგან საუკეთესო მაკფადენი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა და 4 პასი მოაგროვა. თადმა 8-დან 4 ორქულიანი და 10-დან 5 სამიანი ჩააგდო.
11 წუთი ითამაშა 21 წლის რატი ანდრონიკაშვილმა, რომელმაც თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. ახალგაზრდა ქართველმა 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ანდრონიკაშვილის ანგარიშზე 4 ქულა დ 3 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა.
მომდევნო მატჩს მურსიელები 14 მარტს, სტუმრად, ტენერიფესთან ჩაატარებენ.