ქართული ლეგიონი ევროპაში
ქართული ლეგიონი ევროპაში
06.03.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

თორნიკე შენგელიამ იტალიის სერია A-ში მორიგი გამორჩეულლი შეხვედრა ჩაატარა. მართალია, მისი საბოლოო მონაგარი მსუყე ციფრებით არ გამოირჩვა, თუმცა ქართველმა ფორვარდმა მატჩის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, გამარჯვების მომტანი ქულა მიითვალა.

ვირტუსის მეტოქე ტორტონა იყო - გუნდი, რომელთანაც ბოლონიელები სანაკრებო ფანჯრის წინ იტალიის თასის ფინალში დამარცხდნენ. ვირტუსს ამჯერადაც დიდად გაუჭირდა, თუმცა დაძაბულ ბრძოლაში 91:90 იმარჯვა, მატჩის ბედი კი ბოლო წამებზე შენგელიას მონდომებამ გადაწყვიტა.


საფინალო სირენამდე 14 წამით ადრე, ანგარიში საყაიმო გახდა, როდესაც ბოლონიელებმა წუთშესვენება აიღეს, საბოლოოდ, ბურთი შენგელიას მიუვიდა და სტუმართა ამერიკელი ლეგიონერი დემონტე ჰარპერი მასზე დაჯარიმდა.


ამ დროს თამაშის დასრულებამდე 2 წამი რჩებოდა და თორნიკემ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. ქართველი მძიმე ფორვარდი იყო, თუმცა, მოედანზე მხოლოდ 16 წუთი გაატარა, რისი მიზეზიც ჯარიმებით დატვირთვა გახდა.


შენგელიამ 7 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან 2-დან 1 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.


მატჩის გმირი იტალიელი მარკო ბელინელი გახდა, რომელმაც 16-დან 9 სამქულიანი ჩააგდო და 25 წუთში 32 ქულა მოაგროვა.


ვირტუს ბოლონიამ 20 ტურში 16 მოგება მოაგროვა და სატურნირო ცხრილს მილანთან ერთად ლიდერობს. შენგელიას კლუბს მომდევნო შეხვედრა 12 მარტს სტუმრად ვენეციასთან ელის.


***

საქართველოს ნაკრებიდან ესპანეთში დაბრუნების შემდეგ გიორგი შერმადინმა პირველი მატჩი ვალენსიაში გამართა. ამავე სახელწოდების გუნდთან გიორგის „ტენერიფე" თანაბარ ბრძოლაში ბოლო წამებზე დამარცხდა - 72:77.


გიორგი სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა მხოლოდ 12 წუთი ითამაშა, მატჩი 6 ქულით, 3 მოხსნითა და 3 პასით დაასრულა. ქართველი ცენტრი თავიდანვე საჯარიმოებით დაიტვირთა და ბოლო პერიოდის შუაწელში ის მოედნიდან პერსონალურების ლიმიტის გამო გავარდა. „ტენერიფეში" პირველი მატჩი გამართა არგენტინელმა ლეანდრო ბოლმარომ (9 ქულა), რომელიც „ბარსელონას" ღირსებას იცავდა, ბოლო წლებში კი NBA-ში გამოდიოდა, თუმცა ფეხი ვერ მოიკიდა და კარიერის ევროპაში გაგრძელება გადაწყვიტა.


„ტენერიფეს" 20 მატჩის შემდეგ 14 მოგება, 6 მარცხი აქვს და მეოთხე ადგილზეა. ესპანეთის ლიგაში მომდევნო შეხვედრას 11 მარტს „ხივენტუდის" წინააღმდეგ გამართავს.


***

გიორგი კორსანტიამ მთელი გასული ფანჯრის პერიოდი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გაატარა, თუმცა განაცხადში ვერ მოხვდა. მას ვირუსი შეეყარა და ნიდერლანდებში არ უვარჯიშია. შესაბამისად, მან ნაკრების თამაშები გამოტოვა. სამაგიეროდ, კლუბში დაბრუნებულმა თავი გამოიჩინა.


ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში მისმა გოსტივარმა აკადემიას 87:79 სძლია, ქართველმა მძიმე ფორვარდმა კი 34 წუთში 17 ქულა, 17 მოხსნა (3 შეტევაში), 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 14-დან 8 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.


შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა და ის მატჩის MVP-ს ტიტულის მფლობელი გახდა.


გოსტივარმა 10 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, საპლეიოფო ოთხეულს კი მხოლოდ ერთი გამარჯვებით ჩამორჩება. კორსანტიას კლუბს მომდევნო თამაში 11 მარტს სტრუმიცასთან ელის.