ორი ფინალი, ორი ლიპო - ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი
ორი ფინალი, ორი ლიპო - ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი
05.03.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ძიუდოში, საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრან სლემზე გამოსვლა სამი მედლით - 1 ოქროს, 1 ვერცხლისa და 1 ბრინჯაოს მედალით დაასრულა. ბუნებრივია, წარმატებებს მიჩვეული გულშემატკივრისთვის IJF-ის გრან სლემების 2023 წლის სერიები არც თუ დახუნძლულია მედლებით, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ თბილისის გრან სლემზე, რომელიც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიოს ტურის მორიგი გაჩერებაა, ჩვენების ნადავლი უფრო ნაყოფიერი იქნება.

ამჯერად კი, ტაშკენტის გრან სლემზე ქართველებიდან ორ ფინალში ორი ჯუდოკა, ორი ლიპარტელიანი გავიდა, მამაკაცთა შორის  ვარლამ ლიპარტელიანმა (-100კგ) ოქროს მედალი ფინალური შეხვედრის ბოლო წუთებზე მოიგო. პირველი მედალი კი, ქართულ გუნდს ქალთა შორის მოასპარეზე ლიპარტელიანის, ეთერის ანგარიშზეა. ტაშკენტის გრან სლემის პირველ საასპარეზო დღეს, ეთო ლიპარტელიანმა  (-57კგ) ვერცხლის მედალი მოიგო.



კიდევ ერთი მედალი,  გელა ზაალიშვილის (+100კგ) ანგარიშზეა. ქართველმა, გრან სლემზე გათამაშებულ ბოლო წონაში, ბრინჯაო მოიგო. ამავე დღეს, ბრინჯაოს მოგების შანსი ჰქონდა სოფიო სომხიშვილსაც (+78კგ), თუმცა, სოფო, ბრინჯაოს ფინალშიც დამარცხდა.


9 ქართველიდან, რომლებიც ტაშკენტში ასპარეზობდნენ მედლის მოგების შანსი ჰქონდა ლუხუმ ჩხვიმიანს (-60კგ), რომელმაც 1/2 ფინალში იასპარეზა და საბოლოოდ ბრინჯაოს ფინალშიც დამარცხდა.



ფოტოები: @IJF / Di Feliciantonio Emanuele