ბაკურიანი ოფიციალურად ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის მასპინძელია
ბაკურიანი ოფიციალურად ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის მასპინძელია
02.03.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, სასტუმრო „ბილტმორში" საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურ კომიტეტსა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. საქართველოში, სამუშაო ვიზიტით მყოფმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი და EOC-ის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ამ ხელშეკრულებით ოფიციალურად გააფორმეს თანხმობა, 2025 წელს საქართველოში, ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ჩატარების შესახებ, რომლის მოქმედების მთავარი ეპიცენტრი ბაკურიანი უნდა იყოს.

„დღევანდელი დღე ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის -  საქართველომ ოფიციალურად აიღო პასუხისმგებლობა უზრუნველყოს ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარება. ვიდრე ხელშეკრულებას გავაფორმებდით, იყო არაერთი შეხვედრა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელებთან, ბაკურიანის ოფიციალური წარდგენა EOC-ის ასამბლეაზე, ევროპელი პარტნიორების ვიზიტი საქართველოში,  ახალგაზრდული ფესტივალის მასპინძლის სტატუსის  მონიჭება, EOC-ის დროშის გადმოცემა, შეხვედრა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელებთან. ეს ყველაფერი ხელშეკრულების ხელმოწერით დაგვირგვინდა. მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბები წინ გველოდება. ეს არის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში, საორგანიზაციო მუშაობის გაშლა სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენი მომავალი სტუმრების უზრუნველყოფა საუკეთესო საცხოვრებელი  და საშეჯიბრო პირობებით, ფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიების და ღონისძიებების მაღალ დონეზე ორგანიზება, მრავალი სხვა საკითხის მოგვარება ფესტივალამდე და უშუალოდ ფესტივალის მიმდინარეობის დროს.  ჩვენ გვჯერა, რომ ყველა დაინტერესებული მხარის თანამშრომლობით, საქართველო წარმატებით გაართმევს თავს ყველა გამოწვევას და ორი წლის შემდეგ ღირსეულად ვუმასპინძლებთ ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალს", - განაცხადა ლერი ხაბელოვმა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ.


მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის ფესტივალის მთავარი სახეობები ბაკურიანში გაიმართება, ახალგაზრდებს ასპარეზობა მოუწევთ თბილისსა და ბათუმში. ჩვენი გვერდისთვის ცნობილი ხდება, რომ ბათუმში ჰოკეისტები იასპარეზებენ, თბილისში კი, ფიგურული ციგურაობის წარმომადგენელთა საასპარეზოდ საგანგებოდ ყინულის დარბაზი აშენდება.


EOC-ის ქარტიის შესაბამისად  თბილისში, ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (ბაკურიანი-2025) „ორგანიზატორი ქალაქის ხელშეკრულების" მოწერამდე, შეგახსენებთ, რომ ბაკურიანს, მომავალი თამაშების ოფიციალური გარდამავალი დროშა იტალიაში დასრულებულ ევროპის რიგით XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე გადასცეს.



სეოკ-ის ფოტო