6 მარტს, 14:00 საათზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ფუტსალში, ქალთა შორის „ზამთრის თასის" ფინალური შეხვედრა გაიმართება. 2023 წლის სეზონზე, ქალთა ლიგის გათამაშებაში დაბრუნებული „ბათუმი", ფინალში სოხუმის „დინამოს" დაუპირისპირდება. შავიზღვისპირა ქალაქების გუნდებმა, ფინალში თამაშის საგზურები 27 და 28 თებერვალს გამართული 1/2 ფინალების შემდეგ მოიპოვეს.
„მართვე" - „ბათუმი" 4-6
პირველი ნახევარფინალისტი ქუთაისის სპორტის სასახლეში გამოვლინდა. ადგილობრივმა „მართვემ", „ბათუმს" უმასპინძლა და 4-6 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას, სტუმრები პირველი ტაიმის შემდეგ სამბურთიანი სხვაობით, 1-4 იგებდნენ. თუმცა, იმერულმა კლუბმა იბრძოლა და მეორე ნახევრის მოგებაც კი მოახერხა, ანგარიშით 3-2. მიუხედავად ამისა, ეს, საერთო გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა. აჭარულმა გუნდმა გზა თბილისისკენ გააგრძელა. ქუთაისელები კი, ქალთა ლიგის ახალი სეზონისთვის გააგრძელებენ მზადებას.
ამ დაპირისპირებაში ორივე გუნდიდან თითო-თითო ფეხბურთელმა ჰეთ-თრიქის შესრულება მოახერხეს. მასპინძელთაგან, 3 გოლი ანა ჯანელიძემ გაიტანა. სტუმართა შორის კი ამ მხრივ, თათია შაინიძე გამოირჩა. ბათუმელთაგან დუბლი დარინა სელიმბამ შეასრულა, ერთი გოლი კი, გვანცა დოლიძის ანგარიშზეა. ერთი გოლი გაიტანა ამ შეხვედრაში, „მართვეს" წარმომადგენელმა, სალომე საღარაძემაც.
„სამეგრელო" - „დინამო სოხუმი" 2-2 (2-3 პ)
1/4 ფინალის მსგავსად, სოხუმის „დინამოს" მომდევნო ეტაპზე გასასვლელად დამატებითი დრო და პენალტების სერია დასჭირდა. ქალთა ლიგის მოქმედ ჩემპიონთან, „სამეგრელოსთან" დაპირისპირებაში, წყვილში ფავორიტად სწორედ ჩხოროწყუელები მიიჩნეოდნენ. თუმცა, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, სოხუმელებმა საპირისპირო დაამტკიცეს. პირველი ტაიმის შემდეგ, „დინამო", გვანცა ქადაგიშვილის დუბლის წყალობით 0-2-ს იგებდა. მეორე ტაიმი, პირველის ანალოგიურად დაძაბულ ორთაბრძოლაში წარიმართა. თუმცა, ამჯერად გოლები „სამეგრელომ" გაიტანა. აქ თავიდან, მაიკო ბებიამ ისარგებლა დაცვის შეცდომით და ანგარიში შეამცირა. ტაიმის დასასრულამდე 29 წამით ადრე კი, სოხუმელთა მეკარემ შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი ვერ შეიმაგრა და ანგარიში გათანაბრდა, 2-2. კიდევ ორ დამატებით ტაიმში გოლი აღარ გასულა, აი, პენალტების სერიაში კი, იღბალი, სოხუმელთა მხარეს იყო. სერია მათ 2-3 მოიგეს, შესაბამისად მატჩიც და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
ფოტო: სოხუმის "დინამო"