ბეწვის ხიდით მსოფლიოსკენ...
ბეწვის ხიდით მსოფლიოსკენ...
26.02.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

"მოდით, დღეს მოგება შევირგოთ" - იტყვის ილიას ზუროსი თამაშის დასრულების შემდეგ, რომელშიც დავმარცხდით, მაგრამ "ასე დამარცხება გვიხაროდეს, პირველად ვნახეო", როგორც ვატო ნაცვლიშვილმა თქვა, მთელს ქვეყანას გაუხარდა... დიახ, ჩვენ დღეს ისლანდიასთან წავაგეთ 77-80, მაგრამ მიუხედავად ამისა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მაინც გავიდა....

ქართველმა კალათბურთელებმა ისტორიის ახალი ფურცელი დაწერეს და პირველად, დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.




საქართველოს ნაკრებს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ნიდერლანდებში საჭირო მატჩი მოიგო, თუმცა, გუნდს ემჩნეოდა, რომ დღეს, „-3" ქულაში თამაშის დასრულების განწყობა უფრო ჰქონდა, საერთო ჯამში თამაში არეულად ჩაატარა. ბუნებრივია, ჩვენი გუნდის მიღწევის - მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ პირველად მოპოვებული საგზურის გაუფერულებას არ ვაპირებთ, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ რამდენიმე თვეში, გუნდი „დალაგებას" მოასწრებს. განსაკუთრებით დაცვით თამაშში.




დღეს, არც მსაჯების მიკერძოებაზე ვილაპარაკებთ, რომლებმაც საკმაოდ დაუშვეს შეცდომები, თუმცა, ეს გარემოება, საქართველოს ნაკრების დღევანდელი თამაშს ხარისხს მაინც არ ამართლებს.


დღეს კი, თუ არ ჩავთვლით პირველ მეოთხედს, რომლის შუაწელშიც ზუროსის გუნდმა დაწინაურება მოახერხა, საბოლოოდ კი ფრედ, 19-19 დასრულდა, დანარჩენი, ყველა ისლანდიის ნაკრებმა მოიგო, 23- 24, 18- 19, 17- 18. საბოლოოდ, თითო ქულით მოგებული მეოთხედები, ის 3 ქულა აღმოჩნდა, რომლის „გაცემის", „ფუფუნებამაც", მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მაინც მოგვცა.




დღეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ტრადიციულად კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც დატვირთული სათამაშო კალენდრის გამო, ბოლო ძალებით თამაშობდა, კვლავ გამორჩეული იყო. ამჯერად, კაპიტნის ანგარიშზე 20 ქულა იყო. საკმაოდ არასტაბილური თამაში ჰქონდა თად მაკფადენს, თუმცა, თადმა 17 ქულა მაინც დააგროვა. პარკეტზეც დუდა სანაძესთან ერთად, სწორედ მან გაატარა ყველაზე მეტი დრო. ქართველთა გუნდიდან ყველაზე შედეგიანი კი, გიორგი შერმადინი იყო. შერმოს მარგი ქმედების კოეფიციენტმა დღეს 30 შეადგინა. ისევე როგორც ნიდერლანდებში, შერმადინმა ამ დღესაც თამაშიდან 9-დან 9 ქულა ჩააგდო. ამასთან დღეს გიორგის 100% მაჩვენებელი ჰქონდა საჯარიმოების შესრულების მხრივაც, 5-დან 5.


დიახ, საქართველოს ნაკრებმა წააგო 77-80. ალბათ, სხვა დროს, ამ წაგების დეტალებს უფრო ჩავუღრმავდებოდით, თუმცა, დღეს თავს უფლებას ვაძლევთ, ეს მარცხი დროებით დავივიწყოთ და შევირგოთ სიხარული. შეგახსენებთ, რომ  მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით აზიის სამ ქვეყანაში  ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში ჩატარდება.


 

სტატია განახლებულია - იხილეთ მატჩის ფოტო-ალბომი