საინტერესოდ დაემთხვა: ორლანდო მეჯიქში გოგა ბითაძის დებიუტი, რომელიც ინდიანა პეისერსმა დიდი გაცვლის შემდეგ გუნდში არ დატოვა, თავის ყოფილ გუნდთან შედგა. ქართველმა ცენტრმა ფლორიდულ გუნდში თავისი პირველი მატჩი ინდიანას წინააღმდეგ ჩაატარა. შეხვედრა ინდიანელებმა 121:108 მოიგეს.
გოგა მოედანზე მეორე მეოთხედში გამოჩნდა და, საერთო ჯამში, 9:24 წუთი ითამაშა. მან თამაშის მნიშვნელოვან ეპიზოდში „მეჯიქს" ქულები მოუტანა. მის ანგარიშზე 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასია. მან 2-დან 1 ორქულიანი და 1-დან 1 სამქულიანი გამოიყენა, საჯარიმოდან კი ერთხელ ისროლა და ზუსტად. ბითაძეს ბურთი არ დაუკარგავს და მხოლოდ ერთი პერსონალური ფოლი ჰქონდა. მისი +/- სტატისტიკა „ორლანდოს" მხრიდან საუკეთესო იყო - გოგას პარკეტზე ყოფნის პერიოდში მისმა გუნდმა 7 ქულით მოიგო.
რაც შეეხება შეხვედრას, პირველი ორი მეოთხედი თანაბარი იყო და დიდ შესვენებაზე ბითაძის გუნდი ერთქულიანი უპირატესობით გავიდა, მაგრამ მესამე მეოთხედი „პეისერსმა" 10 ქულით მოიგო და გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვა. ჯამალ მოსლის გუნდმა მატჩის შემოტრიალება ვერ მოახერხა და 13 ქულით დამარცხდა.
24 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო მაილს ტერნერი იყო, ორლანდოელთა მხრიდან კი ფრანც ვაგნერი 21 ქულითა და 6 მოხსნით გამოირჩა. 19-19 ქულა ჰქონდათ პაოლო ბანკეროსა და ბენედიქტ მატურინს.
„ორლანდო მეჯიქს" რეგულარულ სეზონში 25 მოგება და 36 მარცხი დაუგროვდა. აღმოსავლეთ კონფერენციაში ბითაძის გუნდი მე-13 ადგილზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრას კი 28 თებერვალს „ნიუ ორლეანს პელიკანსის" წინააღმდეგ გამართავს.