IOC: მოკრივეთა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო დატვირთვა არ ექნება
IOC: მოკრივეთა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო დატვირთვა არ ექნება
26.02.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) განცხადებით, კრივის საერთაშორისო ასოციაციის (IBA) მიერ ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატს პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირის დატვირთვა არ ექნება. IOC-ის განმარტებით, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში IBA-ს წევრობა კვლავინდებურად შეჩერებულია.


IOC-მა პირველად 2022 წლის ივნისში განაცხადა, რომ 2024 წლის პარიზის თამაშებზე მოკრივეთა ტურნირი არ ჩატარდებოდა IBA-ს ეგიდით. ამას წინ უძღოდა IBA-ს განცხადება, რომლის მიხედვითაც, მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონატი პარიზი-2024-ის საკვალიფიკაციო შეჯიბრება იქნებოდა.


"კრივში პარიზი-2024-ის ერთადერთი მოქმედი საკვალიფიკაციო სისტემა ეს არის IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ 2022 წლის სექტემბერში მიღებული სისტემა, რომელიც 2022 წლის 6 დეკემბერს გამოქვეყნდა და გავრცელდა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს და კრივის ეროვნულ ფედერაციებს შორის. IOC-მა 2019 წელს IBA-ს აღიარება შეაჩერა და ის დღესაც ძალაშია," - ნათქვამია IOC-ის ბოლო განცხადებაში.


მას შემდეგ, რაც IOC-მა IBA-ს წევრობა (მაშინ - AIBA) შეაჩერა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოკრივეთა ტურნირი სწორედ IOC-ის მიერ საგანგებოდ შექმნილი კომისიის პატრონაჟით ჩატარდა (საგულისხმოა, რომ კრივი 2028 წლის ოლიმპიური თამაშების წინასწარ პროგრამაში არ შედის).


2022 წლის 5 ოქტომბერს IBA-მ შეჯიბრებებზე დაუშვა მოკრივეები რუსეთიდან და ბელარუსიდან. ისიც გასათვალისწინებელია, რომ კრივის საერთაშორისო ასოციაციამ ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს საერთაშორისო ტურნირებზე სახელმწიფო დროშით და ჰიმნით გამოსვლის უფლებაც მისცა. რიგი ქვეყნების ასოციაციებმა, მათ შორის აშშ-მ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და შვეიცარიამ ეროვნული ატრიბუტით რუსეთის და ბელარუსის ნაკრებების დაშვების გამო, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადა.