დღეს ბაკურიანი მსოფლიოსთვის, მაგრამ რა იქნება ხვალ „ჩვენთვის“?
დღეს ბაკურიანი მსოფლიოსთვის, მაგრამ რა იქნება ხვალ „ჩვენთვის“?
24.02.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბაკურიანში, უკვე მერვე დღეა ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. უკვე გათამაშდა მედლების მთელი რიგი კომპლექტები, დღეს, უამინდობის გამო გუშინ გადადებული სკი-კროსის საკვალიფიკაციო ეტაპიც გაიმართა და შეჯიბრში დარეგისტრირებული სამი ქართველი (ბექა ბერძენიშვილი, დავით თედიაშვილი, ლაშა კურტანიძე) მონაწილიდან, ერთმა - დავით თედიაშვილმა, საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა მოახერხა. ის, უკვე ხმალ, ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. ბუნებრივია, აღნიშნული შეჯიბრის შემყურეს, უნებურად გიჩნდება კითხვა, საქართველოში, რომ იყოს მაღალი კონკურენცია, სავარჯიშო გარემო მთელი წლის მანძილზე, რამდენად წარმატებულები ვიქნებოდით საერთაშორისო სტარტებზე.




ის, რომ კონკურენტული გარემო იყოს, უნდა იყოს ტრასებიც და ის ფინანსებიც, რომლებიც ამ ტრასებზე მოსრიალე სპორტსმენებს გამოზრდის, ავარჯიშებს და შეინახავს. დიახ, შეინახავს, ვინაიდან, ისევე როგორც სპორტის სხვა სახეობებშიც, სამთო-სათხილამურო სპორტში, რომელიც ბევრად უფრო ძვირი სიამოვნებაა, თუნდაც იმისთვის, რომ მხოლოდ ცხოვრების ჯანსაღ წესს მიჰყვე და ისიამოვნო, დიდი ფინანსებია საჭირო. რიგითი-საშუალო სპორტული შედეგების მისაღწევად, ალბათ, დამეთანხმებით, რომ სპორტსმენი მხოლოდ, სპორტულ შედეგზე უნდა ფიქრობდეს, პროფესიულად, ვიდრე აქტიურია, საკუთარ შედეგზე იყოს კონცენტრირებული და არა ამ შედეგის მისაღწევად, რის ხარჯად უნდა მოხვდეს შეჯიბრზე.


საქართველოში, პოპულარულ სპორტის სახეობებში, ეს საკითხი მეტ-ნაკლებად დალაგებულია. სპონსორებიც, ასე თუ ისე. ახერხებენ ფეხი აუწყონ ტრენდულ სახეობებს. იყვნენ ტრენდული ტურნირების გვერდითაც და გამოამზეურონ საიმიჯო ბანერები. თუმცა, მოდით, რეალისტები ვიყოთ („ლივერპულის" გულშემატკივრობის მიუხედავად) და ვაღიაროთ, რომ საქმე საქმეზე, რომ მიდგება, ბიზნეს-სექტორს „ლამაზი" და „არგუმენტირებული" უარი ყოველთვის აქვს. აი, სახელმწიფო სექტორს კი, რომელსაც ისედაც „ქამარი აქვს შემოჭერილი", იმ საკითხზეც კი არ უნდა ფიქრის დაწყება, მაგალითად, როგორ გაუმარტივოს ბიზნესს, სპორტში თანხის ჩადება. არა და, რა მარტივია ხომ? შედეგები მოაქვს დიდ ფინანსებს.




ახლა ისევ ბაკურიანის თემას, რომ დავუბრუნდეთ. ქართველებიდან, მიმდინარე ჩემპიონატში პირველმა, ჩემთვის კარგად ნაცნობმა, გუდაურის სასრიალო ტრასებიდან, რევაზ ნაზღაიძემ იასპარეზა. არ მოგატყუებთ, რომ რეზისგან, პირადად მე, ცოტა უფრო კარგ შედეგს ველოდი, თუმცა, იმასაც ვითვალისწინებდი, რომ საკუთარ კედლებში, საბრძოლო სახეობებს თუ არ ჩავთვლით, ჩვენებს უჭირთ გამოსვლა. „სახლის" კედლების წნეხი უდიდესია. სწორედ, ამ თემაზე შევეცადე რეზის ბოლო სტარტის, პარალელური სლალომის დასრულების შემდეგ გავსაუბრებოდი.


რამდენიმე ქვეყნის სპორტსმენმა პარალელურ-სლალომში ტრასის გაუმართაობაზე გაამახვილა ყურადღება. მართლა ასე იყო და შენც ამის გამო ხომ არ შეგეშალა ხელი?


მარტივი ტრასა არ იყო, საკმაოდ რთული ტრასა იყო. ხშირად ხდება და აქაც, ტრასიდან ბევრი გამოვარდა, ბევრმა ვერ ისრიალა. მეც, რა თქმა უნდა შემიქმნა პრობლემა ტრასის სირთულემ, როგორც ყველას. ვთვლი, რომ ემოციის ფონზე, ვერ გამოვედი ისე, როგორც მინდოდა. ისე აეწყო, რომ ტურნირებზე, რომელიც საქართველოში ტარდება ვერ გამოვდივარ კარგად. სხვაგან თუ კარგი შედეგი მაქვს, საქართველოში სამივეჯერ ვერ გამოვედი კარგად. ძალიან მაგარია ის, რომ საქართველომ ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატი და მიხარია, რომ ჩემს ქვეყანაში გაიგო ხალხმა „ბორდი" რა არის. ასევე, რამდენი რამ სჭირდება ამ სპორტს. უნდა იყოს დაფინანსება, უნდა იყოს უფრო მეტი ყურადღება, რომ სპორტსმენმა იფიქროს მხოლოდ, სპორტზე და შედეგიც მაშინ იქნება. ამ პირობებში კი, რთულია რაღაც შედეგზე ფიქრი. უფრო მეტი დაინტერესება რომ იყოს სახელმწიფოსგან, სპონსორებისგან ამ შემთხვევაში, უფრო მეტად წარმატებულად გამოვალთ შეჯიბრებზე. მე არ მინდა პირდაპირ ვისაუბრო, თუ რამდენია ჩემი ჯამაგირი. შესაბამისად, თუ იქნება ისე, რომ მე, სხვა რაღაცეებზე არ ვიფიქრო, ვიძახი, რომ შემიძლია უფრო წინ ვიყო.


რაც შეეხება ტრასა რომელზეც გამოვდიოდით, თუ ვინმეს ბრალეულობაა, რომ ის, ცუდი იყო, ვიტყვი, რომ ამას, აკონტროლებს FIS-ის დელეგაცია, რომელიც ჩამოსულია საქათველოში და თუ რამე არ იყო ისე, ამას ქართულ მხარეს, ნამდვილად ვერ დავაბრალებ და ვერც ვერავინ დააბრალებს, რომ რთული ტრასა იყო. ტრასას FIS-ი აკეთებს.


ბოლოს მითხარი, რომ მსოფლიო თასის ეტაპზე, რომელიც ძალიან მალე უნდა გაიმართოს, გასამგზავრებელი თანხა არ გქონდა?


კი, იყო ასე, თუმცა, ახლა უკვე დამიფინანსეს  და მომავალ შეჯიბრზეც მალე გავემგზავრები. როდესაც დავდივარ ტურნირებზე და გამოვდივარ შეჯიბრებზე, ძირითადად პირადი სახსრებით ვახერხებ ამის გაკეთებას და ბუნებრივია, რომ ვაკლებ ჩემს ოჯახს. ამ კუთხით, საქმე წინ არ მიდის. ის ხელფასი მაინც, უნდა იყოს, რომ ვარჯიშს გარდა, სხვაზე არ ვიფიქრო. ეს, მხოლოდ მე არ მეხება. ასე უნდა იყოს ყველას მიმართ, ვინც ამ სახეობებშია დასაქმებული. როდესაც მოწინავე პოზიციებზე ვიქნებით და ამას ბავშვებიც შეხედავენ, უფრო მეტი სპორტსმენი გვეყოლება და მეტი სპორტსმენით წარვდგებით საერთაშორისო სარბიელზე.


პირადად შენ, რას გამოასწორებდი?


შეხედავდით, აქ ჩამოსულ სპორტსმენებს რა აღჭურვილობა და რა ყურადღება აქვთ. სპორტსმენების მიმართ ასეთი მიდგომა თუ იქნება ჩვენთანაც, ასეთი დამოკიდებულებით თუ ვიასპარეზებთ, დამიჯერეთ, მეტად შორს წავალთ. იქ, სადაც იხარჯება 300 მლნ, კეთდება და ეწყობა ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა მივესალმები, რადგან ჩემი ქვეყანაა და ყოველი გაკეთებული, ჩემს შვილს და კარგ საქმეს წაადგება, მაგრამ პირველ რიგში, სპორტსმენებსაც უნდა შეუწყონ ხელი. ერთი, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს იმ სპორტსმენებს, რომლებსაც საქართველოს სახელით უწევთ ასპარეზობა.




***

და ბოლოს, ალბათ გახსოვთ ხომ 2022 წელს პეკინმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა? მაშინ იქ ჟურნალისტების ერთი ჯგუფი (მათ შორის იყო ქართველი), ავტობუსმა სხვა მიმართულებით წაიყვანა, შემდეგ, მედიის წარმომადგენლები, მოყინულ ავტობანზე დატოვა, მძღოლმა, მე სხვა ჯგუფს უნდა მივაკითხოო და ამ ჯგუფმაც, ორგანიზატორების დაუდევრობის მიზეზით, ის სტარტი „გამაზა" სადაც სამუშოდ უნდა ყოფილიყო. ალბათ, ისიც გახსოვთ, ხომ 2023 წელს, იტალიაში ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალი, რომ ჩატარდა? „ჩიტმა" ამბავი მოიტანა, რომ შეჯიბრის საორგანიზაციო ნაწილი საკმაოდ არაორგანიზებული იყო... ჰო, ეს ორი ამბავი იმიტომ მოვყევი, კიდევ, რომ ნებისმიერი ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი ცოცხალი ორგანიზმია, ზამთრის სახეობები კიდევ, ამინდთანაც ყველაზე მეტად მიბმული და შესაბამისად, ყველაზე მეტად საშეჯიბრო კალენდარში ცვლილებებიც და თუნდაც, დათოვლილი გზების გამო შეფერხებული ღონისძიებებიც სალაპარაკო, თუმცა, არა საპანიკო და სავიშვიშო თემაა. ალბათ, თუ წარმატებაზე გვინდა ფიქრი, სპორტის სახეობის დაფინასების, სპორტსმენების ხელშეწყობის გარდა, მედიაც უნდა გავიზარდოთ და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი.



სტატიაში გამოყენებულია ლაშა კუპრაშვილის, გოგიტა ბუხაიძის და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ფოტოები