ერთ ნაბიჯით წინ მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე
ერთ ნაბიჯით წინ მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე
24.02.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად ერთი ნაბიჯი დარჩა, რომელიც ილიას ზუროსის გუნდმა თბილისში, 26 თებერვალს უნდა გადადგას. ამ დღეს, ჩვენმა გუნდმა, მსოფლიოს 2023-ის ჩემპიონატის ბოლო, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის უკანასკნელ შეხვედრაში, ისლანდიის ნაკრებთან,  არ უნდა წააგოს. არის კიდევ ერთი „თუმცა", თუმცა, ამ თემაზე საკუთარ კედლებში, 10000 მაყურებლის წინ, ლაპარაკიც კი ზედმეტი უნდა იყოს.

მანამდე კი, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ცოტა ხნის წინ დასრულებული მატჩის მსვლელობას, სადაც საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს მატჩამდე, ილიას ზუროსისგან დავალებად ჰქონდათ სწრაფი ახალგაზრდული ნიდერლანდების გუნდისთვის სისწრაფის დაგდება და დაცვაში კარგი თამაში. ალბათ, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს და დიდი ალბათობით, ეს თამაშის შინაარსიდან უფრო მოდიოდა, საქართველოს ნაკრებმა პირველ ორ პერიოდში ეს ვერ მოახერხა. მოვლენებს წინ გადავასწრებთ და ვიტყვი, რომ დღეს საქართველოს ნაკრებმა, ახალგაზრდა და აქედან გამომდინარე შედარებით ნაკლები გამოცდილების მქონე მასპინძლებს, ზუსტადაც, რომ გამოცდილების (სასტარტო ხუთეული - თად მაკფადენი, დუდა სანაძე, გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია, გიორგი ცინცაძე) ხარჯზე აჯობა. საქართველოს ნაკრებმა შეხვედრის პირველ მეოთხედში, სადაც ბევრი ხარვეზი იყო დაცვაშიც და შეტევაშიც, თუმცა, უფრო თვალსაჩინო პერიმეტრზე დატოვებული მასპინძლები იყვნენ, რომლებსაც პირველ ათწუთიან მონაკვეთში 6-დან ზუსტად შესრულებული 3 სამქულიანი ჰქონდათ, მაშინ როცა, ჩვენ, 4 მცდელობიდან ვერც ერთი გამოვიყენეთ. შეხვედრის ამ მონაკვეთში, ჩვენი გუნდიდან ანგარიში გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ გახსნა, მანვე მეოთხედის მიწურულს როდესაც მასპინძლები 13-6 იგებდნენ, მოახერხა „7-ქულიანი გაქცევის" დაბოლოება და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ, უკვე გიორგი შერმადინმა, რომელსაც ვერც ამ და ვერც მომდევნო მეოთხედებში ვერ აჩერებდნენ ნიდერლანდები, საქართველოს ნაკრები  პირველად დააწინაურა ამ შეხვედრაში 13-15. ამის შემდეგ, კი კვლავ პატარა ჩავარდნა გვგქონდა და მასპინძლებმა ორი ქულით 19-17 მოგვიგეს.




შეხვედრის ამ მონაკვეთში, ზუროსმა საქართველოს ნაკრების მხოლოდ, 9 კალათბურთელს მისცა პარკეტზე გამოსვლის შესაძლებლობა. აქედან, მოედანზე შეუცვლელად 10 წუთი გაატარა თად მაკფადენმა, რომელსაც მხოლოდ 2 ქულა ჰქონდა აღებული და ორი სამიანი გაცუდებული. ყველაზე შედეგიანი ამ მონაკვეთში გიორგი შერმადინი იყო 7 ქულით (2  ორქულიანი და ორიდან ერთი ზუსტად შესრულებული ჯარიმით).


მატჩის დროს გაკეთებულ ჩანაწერში მონიშნული მაქვს, რომ კეი ვან დერ ვურსტი, რომელმაც საბოლოოდ, 21 ქულა ჩაგვიგდო, თუმცა, შეხვედრის ამ მონაკვეთში, უბრალოდ, არ მოგვცა „გაქცევის" საშუალება.  შეხვედრის ამ მონაკვეთში, მასპინძლები ძირითადად, კვლავ პერიმეტრიდან აღებული ქულებით გვჯობდნენ, ჩვენ 11 მცდელობიდან მხოლოდ 1 სამიანი გვქონდა, არასრულ მეორე მეოთხედში, ნიდერლანდელების გასწვრივ კი 13/7-თან იყო შეფარდება. ჩვენი გუნდიდან ამ მონაკვეთში 11 ქულით კვლავ გიორგი შერმადინი იყო ლიდერი, თოკოს კი 9 ქულა ჰქონდა. თადს მხოლოდ, 4 და ამასთან სამქულიანის 4 მცდელობიდან არც ერთი ზუსტი. რაც შეეხება მეორე მეოთხედს, ის საქართველოს ნაკრებმა კვლავ წააგო 23-18, პირველი ტაიმის შემდგე კი, 7 ქულას ვაგებდით 42-35. ბუნებრივია, 7 ქულა არაა ის ანგარიში, რომლის შემოტრიალებაც შეუძლებელია, თუმცა, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ პირველი ტაიმი ძირითადად სწორედ, „პერიმეტრის" ხარჯზე წავაგეთ, სანერვიულოს გვიმატებდა.




რა დარიგება მისცა ზუროსმა გასახდელში განსაკუთრებული, ახლა ლაპარაკი ჭირს, თუმცა, ფაქტია, რომ შესვენების შემდეგ, საქართველოს ნაკრები სხვა მუღამით გამოვიდა, თადი გაიხსნა და ორიდან ორი ზუსტი სამქულიანიც ისროლა. რაღაც მომენტში, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა. ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრის ამ მონაკვეთში, ზუროსმა  პარკეტზე ბექა ბურჯანაძე შემოუშვა, რომელიც საკმაოდ კარგად შემოვიდა. სწორედ, ბექას  3-ქულიანით გავედით წინ. ამ შემთხვევაში, არაფერს ვიძახით თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინზე, რომლებიც ტრადიციულად და სტაბილურად უდიდეს სამუშაოს ასრულებდნენ. მესამე მეოთხედის მერე, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 20-31 მოიგო თოკოს და „შერმოს" გასწვრივ 18-18 ქულა ეწერა, თადს კი, უკვე 13. რაც შეეხება, ანგარიშს დასკვნითი მეოთხედის წინ, აქ ანგარიში უკვე 62-66 იყო საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.


საკმაოდ საინტერესოდ, ნომინალური ცენტრით დაიწყო ბოლო მეოთხედი ზუროსმა - პარკეტზე დუდა სანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, ბექა ბურჯანაძე, მიშა ბერიშვილი და თად მაკფადენი იყვნენ. ამ მონაკვეთში საქართველოს გუნდმა დუდას ერთი ზუსტი საჯარიმოთი გახსნა. ავედით 70 ქულამდე და შემდგე გავიყინეთ, დაახლოებით 3 წუთი, სანამ თორნიკე შენგელიამ ლეიაუთით ანგარიში არ „გაალღო", 71-72 გახდა და ჩვენ კვლავ 1 ქულით დავწინაურდით. სხვთა შორის, მეტნაკლებად კომფორტული უპირატესობით, ჩვენი გუნდი, კვლავ მიშა ბერიშვილის ზუსტი სამქულიანის შემდეგ დაწინაურდა. თორნიკეს შესრულებული საჯარიმოს შემდეგ კი, საქართველოს ნაკრებმა 7 ქულიანი გაქცევა მოახერხა და ამასთან ამ სხვაობის შენარჩუნებასაც შეეცადა. მატჩის დასრულებამდე, წუთნახევრით ადრე, მასპინძლები კვლავ შეეცადნენ სარგებელი ენახათ, ფონს ძირითადად საჯარიმოებით შეეცადნენ გასულიყვნენ და ამას ერთი პერიმეტრიდან ზუსტად ნასროლიც შემატეს, თუმცა, აქ ქართულ ფრთოვან ფრაზას თუ მოვიშველიებთ, „ბებერი ხარის რქანიც ხნავენო", სწორედ, ამ „სიბერის" ხარჯზე, საქართველოს ნაკრებმა შეძლო თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა. ჩვენმა გუნდმა 80-88 მოიგო და ახლა, მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი თამაშიღა აშორებს.



ჩვენს ნაკრებში საუკეთესო შედეგი თორნიკე შენგელიამ დააფიქსირა 25 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. გიორგი შერმადინის ანგარიშზე 22 ქულა და 6 მოხსნაა. 20 ქულა მიითვალა თად მაკფადენმა, მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე 7 ქულა დაგროვდა. ბექა ბურჯანაძე 4 ქულა, დუდა სანაძემ  3 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი. საქართველოს ნაკრები თბილისში ხვალ დილით გადმოფრინდება, რაც შეეხება კაპიტანს, თორნიკე შენგელია თამაშის დასრულებისთანავე ბოლონიაში გადაფრინდა სადაც 24 თებერვალს ფიბა-ს ევროლიგაში „ბასკონიას" დაუპირისპირდება.

 


ფოტო: @FIBA