ახალ საფეხბურთო სეზონს საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, ბათუმის „დინამო" ორი „სიახლით" იწყებს. პირველი 2022 წლიდან „გადმოყოლილი" ამბავია და დერბი „დე ლა მანდარინას" ეხება. ბათუმელების ახალ სეზონს სწორედ, ძლიერთა შორის დაბრუნებულ ქობულეთის „შუქურას" წინააღმდეგ ჩაატარებენ. თუმცა, ამ შეხვედრას, რომელიც 26 თებერვალს, „აჭარაბეთ არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება გულშემატკივარი ვერ დაესწრება.
„აჭარულ დერბის გულშემატკივრები გასულ წელს დაკისრებული სანქციის გამო ვერ დაესწრებიან, რომელიც ერთ მატჩიან სასჯელს ითვალისწინებს. 3 მარტს, მეორე ტურის შეხვედრაში „საბურთალოს" ვუმასპინძლებთ. იმედი გვაქვს სავსე ტრიბუნებს ვიხილავთ და ჩვეულ მხარდაჭერას ვიგრძნობთ", - წერს სოციალურ ქსელში ბათუმური კლუბის ოფიციალური გვერდი.
ბუნებრივია, ბათუმური კლუბის შემადგენლობაში სეზონებს შუა ცვლილებებს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით, სხვა სტატიებში. ისევე, როგორც გეტყვით, თუ რა სიახლეები აქვთ ელიგაში მოასპარეზე სხვა გუნდებს. ამჯერად კი, ბათუმური კლუბის საიმიჯო სიახლეზე გავამახვილებთ ყურადღებას. მოგეხსენებათ, რომ 2023 წელს, ბათუმის „დინამო" 100 წლის იუბილეს ზეიმობს. ამ გარემოებიდან გამომდინარე, შავიზღვისპირულმა კლუბმა ლურ-თეთრ ფერებში ოქრსოფერი დაამატა. 2023 წლის სეზონზე ბათუმის „დინამოს" ფორმაზე ოქროსფერი იქნება ლოგო (გუნდის სიმბოლო თოლია და კლუბის სახელწოდების პირველი ასო), იუბილის აღსანიშნავად ერთი წლის მანძილზე, მაისურზე ოქროსფრად იქნება დატანილი რიცხვი 100 -იც.