ზუროსის გუნდი გადამწყვეტი თამაშისთვის უკვე ემზადება
ზუროსის გუნდი გადამწყვეტი თამაშისთვის უკვე ემზადება
24.02.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 26 თებერვალს, თბილისი არენაზე, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას გამართავს, ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. ბუნებრივია, მოვლენებს წინ არ უნდა გავასწროთ, მითუმეტეს, სპორტის ქართველ გულშემატკივარს, ჩრდ. მაკედონიის "საფეხბურთო კბენა" და ერთ ნაბიჯში დარჩენილი "ევრო", კიდევ კარგა ხანს გვემახსოვრება, თუმცა, ამჯერად, საქმე ცოტა სხვაგვარადაა, რადგან დღეს, ჩვენი ჯგუფიდან, საქართველოს ნაკრების უშუალო „მოდავეებმა" მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საგზურისთვის, ორივემ წააგო, ისლანდია სახლში, ესპანეთთან 61-80 დამარცხდა, უკრაინა კი, იტალიაში ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ (43-43) საბოლოოდ 10 ქულით, 85-75 დამარცხდა და საქართველოს ნაკრებს ბოლო მატჩის წინ, მხოლოდ საკუთარი მაყურებლის წინ მოსაგები თამაშის „წნეხი" დაუტოვა. თუმცა, ეს, ზუროსის გუნდისთვის, სტიმული უფროა, ვიდრე წნეხი.


„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. კვალიფიკაციიდან გასასვლელად, დღეს აუცილებლად, უნდა მოგვეგო. ამისთვის დღეს, პირველი ნაბიჯი გავაკეთეთ. ჩვენ მოვახერხეთ 10 ქულიდან „დაბრუნება" და მნიშვნელოვან თამაშში გამარჯვება. მომავალი თამაშის წინ, რომელსაც კვირას, ისლანდიის წინააღმდეგ გავმართავთ, ეს დღე, მნიშვნელოვანი იყო ეროვნული ნაკრებისთვის და ქვეყნისთვის, საქართველოსთვის დიდი გამოწვევა.


მინდა მივულოცო ნიდერლანდების გუნდს, რომელთა ახალმა თაობამ დღეს ღირსეულად იბრძოლა, კარგად ითამაშა. ჩვენ ნანახი გვქონდა მათი თამაში ესპანეთთან და ვიცოდით დაახლოებით რა იქნებოდა. მაგრამ დღეს ვულოცავ ჩვენს გუნდს, სტაფს, გულშემატკივარს და ფედერაციას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ თორნიკე შენგელიას, რომელიც გუნდისთვის უდიდესი ძალაა, ხელი შეეწყო, უნიკალური გამონაკლისის სახით ფრენების გრაფიკი შეედგინა, რათა თოკოს ნაკრებისა და საკლუბო თამაშების ჩატარება მოეხერხებინა", - ამბობს ილიას ზუროსი მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე.


გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები 7 (42-35) ქულას აგებდა და გუნდიც ზუროსის მიერ მიცემულ დავალებას, არ აჰყოლოდნენ ნიდერლანდელებს სწრაფ თამაშში და დაცვაში ზუსტად ემოქმედათ, მეტწილად ვერ ასრულებდა, პრესკონფერენციაზე დაინტერესდნენ შესვენების დროს რა „ჯადოქრობა" ჩაიდინა ილიას ზუროსმა.


ზუროსს ამ შეკითხვაზე ეღიმება და ამბობს, რომ: „დიდი არაფერი შეგვიცვლია. უბრალოდ პირველი ტაიმი მთლიანობაში იყო პრობლემა. გვგქონდა დასაწყისი როდესაც ძალიან ვნერვიულობდით, ჩვენ გვგქონდა, ბევრი შანსი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ვერ ვახერხებდით კონცენტრაციას. მეორე ტაიმში ეს შევცვალეთ და გამოვასწორეთ. თამაშიც უფრო ადვილად გამოგვივიდა. ვიგებთ თუ ვაგებთ თამაშს, ამას ვაკეთებთ, როგორც გუნდი, ამიტომ ყველას ვულოცავ დღევანდელ გამარჯვებას. ამ მომენტისთვის ვიცით, რომ ეს თამაში დასრულდა და ახლა, უნდა ვიფიქროთ ისლანდიასთან გასამართ მატჩზე, რომელიც გადამწყვეტი მომენტი იქნება და სადაც, იმედი გვაქვს, რომ სასახლეში მოსული გულშემატკივარი ძალიან დაგვეხმარება".


26 თებერვალს „თბილისი არენაზე" თამაში ისლანდიის წინააღმდეგ 20:00 დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ზუროსს და მის გუნდს, უკვე ნათელია, რომ დარბაზის დიდი მხარდაჭერა ექნება. მანამდე კი, მსოფლიოს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ფანჯარაში, დღეს, საქართველომ სტუმრად ნიდერლანდები 80-88 დაამარცხა და ახლა, მსოფლიოზე სათამაშოდ ბოლო თამაშის მოგებაღა დარჩა!


ფოტო: @FIBA