გიორგი შერმადინი, ნიდერლანდებში გამართული მატჩის შემდეგ, რომელიც ჩვენმა ნაკრებმა 80-88 მოიგო, სამიდან ერთ-ერთი იყო, რომელმაც ზუროსის გუნდიდან 20 ქულის დაგროვება მოახერხა. აქედან, „შერმოს" ანგარიშზე თამაშიდან 9 მცდელობიდან 9 ზუსტი სროლაა, რაც 100%-იანი მაჩვენებელია, დანარჩენი კი, საჯარიმოდან აღებული ქულებია. საერთო ჯამში, შერმადინმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ესპანეთის თასის საკმაოდ რთული შეხვედრა ჩაატარა, პარკეტზე 27:41 წუთი დაჰყო და 22 ქულა დააგროვა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტიც, საკმაოდ მაღალი იყო და მხოლოდ ერთი ქულით ნაკლები საქართველოს ნაკრების კაპიტანის მაჩვენებელზე. თორნიკე შენგელიას 28, „შერმოს" კი, 27%-ი ჰქონდა. სხვათა შორის ამ მაჩვენებლით, შენგელია და შერმადინი, დღევანდელ მატჩში საუკეთესოები იყვნენ.
თამაშის დასრულების შემდეგ, შერმადინი ილიას ზუროსთან ერთად პრეს-კონფერენციაზე გამოცხადდა და ადგილობრივი მედიის კითხვებს უპასუხა:
„დღეს ვართ ბედნიერები, რადგან მოვიგეთ მნიშვნელოვანი თამაში. მინდა მივულოცო თანაგუნდელებს, რადგან საკმაოდ მნიშნელოვანი თამაში იყო ჩვენთვის. ძალიან დაძაბული თამაში იყო პირველი წუთიდან, ბოლომდე და მიხარია, რომ მოვიგეთ," - ამბობს გიორგი შერმადინი. „პირადად მე რაც შემეხება, ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლი და გუნდმაც, მთლიანობაში, კარგი სამუშაო შეასრულა.
პრესკონფერენციაზე შერმადინს კითხეს, რა ნიშნავს საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა და „გადაამოწმეს" ეს პირველად მოხდება თუ, ჩვენს გუნდს, მსოფლიოზე თამაშის გამოცდილება უკვე ჰქონდა.
„კი, ნამდვილად პირველად გვაქვს შანსი, ვითამაშოთ მსოფლიოს ჩემპიონატზე. მათ შორის მეც. თუ ჩვენ ამის გაკეთება მოვახერხეთ, იქნება ძალიან მნიშნელოვანი ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ, წლებია ვცდილობთ ამის გაკეთებას, ვიბრძვით და ყველაფერს ჩავდებთ, რომ კვირის თამაშში, ისლანდიის წინააღმდეგ გავიმარჯვოთ. ევრობასკეტი? ევრობასკეტი, რამდენიმე თვის წინ ჩატარდა და არ გაგვიმართლა, მაგრამ, ეს უკვე წარსულის თემაა და ახლა გვაქვს შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ", - ამბობს შერმადინი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის, დარჩენილი ორიდან პირველი მატჩი მოიგო გასვლაზე, ნიდერლანდებში და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის ასაღებად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ამ ციკლში, შერმადინის გუნდი ბოლო შეხვედრას კვირას, 26 თებერვალს გამართავს ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. შერმადინი იმედოვნებს, რომ კვირის თამაშზე მათ დამატებით ენერგიას, თბილისი არენას სავსე ტრიბუნაც მისცემს.
ფოტო: @FIBA