25 თებერვალს საქართველოს ეროვნული ლიგა აიღებს სტარტს. დაიწყება საინტერესო და ახალ იმედებთან დაკავშირებული სეზონი, რომელშიც წელს, მაინც „გაგვიმართლებს". იმისთვის, რომ ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართულმა კლუბებმა წარმატებით იასპარეზონ, ფედერაციამ საქართველოს სუპერ თასის ფორმატიც კი შეცვალა და ის, ოთხგუნდიანი მინი ტურნირად აქცია, რომელიც სწორედ ევროტურნირების წინ ჩატარდება და მასში მონაწილეობას „დინამო თბილისი", ბათუმის „დინამო" გორის „დილა" და ქვეყნის თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო" მიიღებს. ამ გარემოებას დღეს, სფფ-ს გენერალმა მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
მანამდე კი, უკვე ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ძველი შემადგენლობით აგრძელებს მუშაობას. 23 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც ვიცე-პრეზიდენტები დაამტკიცეს. ამ მხრივ, პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი კვლავ კახა ჭუმბურიძემ შეინარჩუნა. ვიცე-პრეზიდენტებად დაამტკიცეს ალექსანდრე იაშვილი, აკაკი ალადაშვილი და ნიკოლოზ ჯღარკავა.
აღმასკომმა დღესვე დაამტკიცა სფფ-ის 2023 წლის საშეჯიბრო დებულება, იმსჯელა უეფა-ს კლუბების ლიცენზირების დებულებებში შესწორებების შესახებ. დღესვე სხვა საკითხებთან ერთად აღმასკომმა სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის წევრებიც დაამტკიცა.