ნაბიჯ-ნაბიჯ მსოფლიო ჩემპიონატამდე დღეს ზუროსის გუნდი პირველ ნაბიჯს გადადგამს
ნაბიჯ-ნაბიჯ მსოფლიო ჩემპიონატამდე დღეს ზუროსის გუნდი პირველ ნაბიჯს გადადგამს
23.02.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, თბილისის დროით 22:30 წუთიდან საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები Topsportscentrum არენაზე, მსოფლიოს 2023 წლის შესარჩევი საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილი ორი და თანაც, უმნიშვნელოვანესი მატჩიდან ერთს გამართავს და ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და ვიცე-კაპიტანმა გიორგი შერმადინმა ბოლო ვარჯიშის შემდეგ, აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ნიდერლანდელთა გასწვრივ, სატურნირო ცხრილში დაფიქსირებული ციფრები ბევრის არაფრის მთქმელია, რადგან დღევანდელი მატჩის მასპინძელი, „ახლაგაზრდა" და „სწრაფი" გუნდია და საკუთარ „კედლებში", რომელიც სხვათა შორის მხოლოდ 3000 გულშემატკივარს იტევს, შეეცდება მაქსიმუმი აჩვენოს.


„ჩვენთვის ეს ორი თამაში, ფაქტიურად ორივე ფინალია. ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებია და თითოეულ მოთამაშეს აქვს გააზრებული რამდენად გვჭირდება ეს მოგება და დარწმუნებული ვარ, დღევანდელ თამაშში მაქსიმალურად გავაკეთებთ იმ ყველაფერს, რაც მწვრთნელმა დავალებად მოგვცა", - ამბობს გიორგი შერმადინი, რომელიც საქართველოს ნაკრებს ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ, ნიდერლანდებში შეუერთდა.


ესპანეთშივე შეუერთდნენ საქართველოს ნაკრებს სხვა ევროპულ კლუბებში მოასპარეზე მოთამაშეები. მათ შორის ყველაზე ბოლოს, გუნდთან ერთად, გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამაც ივარჯიშა. თამაშის წინა ბოლო ვარჯიშზე ზუროსმაც გუნდი შესაბამისად, სრულად დატვირთა.


„გავიარეთ" ჰოლანდიის ნაკრები, ძალიან სწრაფი და ახალგაზრდა გუნდია. საშიშია იმიტომაც, რომ მათ დასაკარგი არაფერი აქვთ და ყველაფერს გააკეთებენ ადგილის დასამკვიდრებლად ევროპულ კალათბურთში",  - თვლის დუდა სანაძე, რომელმაც ქართული მედიისთვის გაკეთებულ მატჩამდე ბოლო კომენტარში აქცენტი რამდენჯერმე, სწორედ თამაშის სირთულის ამ დეტალზე გააკეთა.


ფინალის ტოლფასს შეხვედრაში, ნიდერლანდებიდან ილიას ზუროსის გუნდი, 3 ქულის წამოღებას გეგმავს. ამისათვის ბერძენი სპეციალისტისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ბოლო ვარჯიშზე გუნდი, სათამაშო კომბინაციების დახვეწაზე და რიგ დეტალებზე ამუშავა.


„თამაშისთვის მომზადება დავასრულეთ. დღევანდელი მატჩის საკმაოდ რთული იქნება, რადგან გულშემატკივარი ბოლომდე შეიძლება ვერ აფასებს მეტოქეს, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. თამაშობს ახალგაზრდა მოთამაშეებით, სწრაფ კალათბურთს, ასე, რომ ჩვენ დაგვჭირდება ფოკუსირება. ჩვენ მოგვიწევს თამაშის ტემპის კონტროლი. ეს არის უფრო მნიშვნელოვანი თამაში, ვინაიდან მიზნისკენ უნდა ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ. აქ გამარჯვება, მოგვცემს შანსს, მომდევნო თამაშზე, რომელსაც სახლში ვთამაშობთ გავიდეთ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაგებად. ეს, ყველასთვის დიდი გამოწვევაა. ვიმედოვნებ, ისე ვიქნებით, როგორც ვვარაუდობ, ძლიერები. განსაკუთრებით დაცვაში და შევეცდებით, ეს მნიშნელოვანი თამაში მოვიგოთ ქვეყნისთვის და ქართული კალათბურთისთვის",  - ამბობს ილიას ზუროსი, საქართველოს კალათბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ნიდერლანდებთან ასე გამოიყურება: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, თორნიკე შენგელია, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი შერმადინი, ბექა ბექაური, ილია ლონდარიძე.


ნიდერლანდებში, დღევანდელ თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. აქვე გეტყვით, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია აღნიშნული ციკლის ბოლო შეხვედრაზეც, რომელიც თბილისში, „თბილისი არენაზე" 26 თებერვალს, ისლანდიის წინააღმდეგ გაიმართება. საქართველოს ნაკრების ამ ორი დარჩენილი თამაშის მოსამზადებელი ეტაპის პარალელურად სოციალურ ქსელში, ქართულ სპორტში ცნობადი სახეები, ცალკეული კლუბები თუ სპორტსმენები, ქართველ კალათბურთელებს გვერდში დგომას უცხადებენ და წარმატებას უსურვებენ. დღეს 22:30 საათიდან ტელეეკრანებთან კი, მე-6 მოთამაშის ქართული მუხტი გვინდა გვჯეროდეს, რომ ნიდერლანდებში, ზუროსის გუნდს, აუცილებლად დაეხმარება.

 


სტატიაში გამოყენებულია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ფოტო