თორნიკე შენგელია ეროვნულ ნაკრებს ვარჯიშის პროცესში, Topsportscentrum-ში შეუერთდა
თორნიკე შენგელია ეროვნულ ნაკრებს ვარჯიშის პროცესში, Topsportscentrum-ში შეუერთდა
22.02.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

საქართველოს ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით ვარჯიშობს. გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია ნაკრებს 21 თებერვალს, საღამოს ვარჯიშზე, ალმერეს არენა Topsporსtcentrum-ში შემოუერთდა. ეროვნული ნაკრების ექიმთან, თემურ ხვედელიძესთან ერთად კაპიტანი ამსტერდამის აეროპორტიდან პირდაპირ დარბაზში მივიდა, სადაც ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით საღამოს ვარჯიში მიმდინარეობდა.

შენგელია ჯერ ნაკრებისა და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მიესალმა, შემდეგ კი, სავარჯიშო შესვენებისას, ყველა მოთამაშეს სათითაოდ. შენგელიამ, ცხადია, არ ივარჯიშა და მოთამაშეების გათამაშებულ კომბინაციებს გულისყურით აკვირდებოდა. პერიოდულად ბიჭებს საჭირო მითითებებს აძლევდა კომბინაციის ზუსტად შესასრულებლად.


ნაკრებში არ უვარჯიშია გიორგი კორსანტიას, რომელსაც ტემპერატურა ჰქონდა და ექიმების გადაწყვეტილებით სასტუმროში დარჩა. შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებში საქართველოს ნაკრები 14 კალათბურთელითაა, რომელთაგან მატჩის განაცხადში 12 მოხვდება.


ნიდერლანდებისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 23 თებერვალს, 19:30 საათზე (თბილისის დროით 22:30) საათზე გაიმართება და პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.