რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან ერთი წლის თავზე ევროკავშირი თავისი რეზოლუციით გმობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ პარიზის ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვების მცდელობას.
444 ხმით მიღებული რეზოლუციის თანახმად (26 წინააღმდეგი იყო, ხოლო 37-მა თავი შეიკავა), რუსეთის და ბელარუსის სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით დაშვება ეწინააღმდეგება ამ ქვეყნებისთვის დაწესებულ საყოველთაო იზოლაციას. ეჭვგარეშეა, რომ ამას ორივე ქვეყნის რეჟიმი საკუთარი მიზნების პროპაგანდისთვის გამოიყენებს.
რეზოლუცია 27 წევრ ქვეყანას მოუწოდებს ზეწოლა მოახდინოს IOC-ზე, რათა "მსოფლიო სპორტის სირცხვილად" შერაცხილი ეს გადაწყვეტილება შეცვალოს.
თავის მხრივ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აცხადებს, რომ რუსეთის და ბელარუსის ჩამოშორება დისკრიმინაცია იქნება. თუმცა, შარშან თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე IOC-მა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს რუსეთის და ბელარუსის მოკვეთის რეკომენდაციითაც მიმართა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება IOC-ის და მისი პრეზიდენტის, თომას ბახის მიერ შეცვლილ დამოკიდებულებას აკრიტიკებს.
IOC-ის ახალი პოზიციის საპასუხოდ, უკრაინა პარიზი-2024-ის ბოიკოტირებას განიხილავს და ამ საქმეში სხვა ქვეყნების მხარდაჭერის იმედიც აქვს.
თომას ბახმა შესაძლო ბოიკოტის მუქარის მიმართ საკუთარი უკმაყოფილება უკრაინის სპორტის მინისტრს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ვადიმ გუტცაიტს წერილობით აცნობა. ბახის თქმით, თამაშების ბოიკოტი ოლიმპიური ქარტიაზე ძალადობა იქნება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, "ბოიკოტი ერთ-ერთი შესაძლებლობაა".
"თუ რუსი და ბელარუსი ათლეტები პარიზში უკრაინელების ნაცვლად ჩავლენ, ეს იქნება მორალის, სპორტის და პოლიტიკური ნორმების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. რუსი სპორტსმენების უმეტესობა, რომლებმაც ბოლო ოლიმპიურ თამაშებზე მედლები მოიპოვეს, რუსული არმიის სპორტულ კლუბებს წარმოადგენდნენ."