დღეს ბაკურიანში, ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე მედლების პირველი კომპლექტები გათამაშდა. ორი კომპლექტი სნოუბორდში, პარალელურ სლალომში და ერთიც არეალსში.
დღესვე დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა საქართველოს პირველმა წარმომადგენელმა, რევაზ ნაზღაიძემ. პარალელურ გიგანტურ სლალომში საკვალიფიკაციო დაშვებებში 48 სპორტსმენი იყო დარეგისტრირებული. ქართველმა 38-ე ადგილი დაიკავა, რაც საკვალიფიკაციო ბარიერის დასაძლევად საკმარისი არ აღმოჩნდა.
„უკმაყოფილო არ ვარ, იმ პირობებში, რაშიც მიწევს ყოფნა. ბულგარეთში 32-ში შევედი. ევროპის თასზე მე-9 ადგილი და ხელფასი 300 ლარი. აი, ამით ვარ უკმაყოფილო. სამასი მილიონი, რომ იხარჯება და თითზე ჩამოსათვლელი სპორტსმენი, რომ გვყავს სირცხვილია. სირცხვილია, როცა ასეთ დონის შეჯიბრს ატარებ და სავარჯიშო ტრასა არ გვაქვს. სირცხვილია, როცა ამხელა ავტობუს უშვებ სპორტსმენებით და გზა ავტობუსისთვის არ არის გაწმენდილი და რომ ჩავარდება თოვლში, სპორტსმენები, რომ ვაწვებით. მაგრად მრცხვენია მე პირადად", - ამბობს რევაზ ნაზღაიძე, TSFF.Ge-სთან საუბარში.
მედლებისთვის ბრძოლა აქ, 1/16 ფინალიდან 32 საუკეთესო შედეგის მქონეს სპორტსმენმა განაგრძო. საბოლოოდ, ვაჟთა შორის გამარჯვებული პოლონელი სპორტსმენი გახდა, რომელმაც ფინალურ დაშვებაში, მეტოქის მიერ დაშვებული ხარვეზით მიღებული უპირატესობით კარგად ისარგებლა და დისციპლინა მოიგო. პარალელურ გიგანტურ სლალომში საპრიზო სამეული კი, ასე გამოიყურება.
ოსკარ კვიატკოვსკი (პოლონეთი)
დარიო კავიეზელი (შვეიცარია)
ალექსანდერ ფაიერი (ავსტრია)
„წარმოუდგენელია, ახლაც მიჭირს დაჯერება. ფინალი დაშვება მართლაც რთული იყო. დაშვების დროს ვფიქრობდი, რომ მთავარია დაფაზე ვმდგარიყავი და ფინიშამდე ჩავსულიყავი და ეს ყველაფერი, რაც შეიძლება სწრაფად გამეკეთებინა. ისიც სასიამოვნოა, რომ კროლა პედესტალზეა. მე, მის მერე მომიწია გამოსვლა და მისი წარმატება, მოტივაციას მმატებდა", - ამბობს ოსკარ კვიატოვსკი, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონი ასპარეზობის დასრულების შემდეგ.
(სრული სტატისტიკა)
საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა ქალთა ასპარეზობაც, სადაც გამარჯვებული იაპონიის წარმომადგენელი მიკი ცუბაკი გახდა (იხილეთ სრული სტატისტიკა), სამეული კი, ასე გამოიყურება
მიკი ცუბაკი (იაპონია)
დანიელა ულბინგი (ავსტრია)
ალექსანდრა კროლი (პოლონეთი)
მომდევნო შეჯიბრი ამ სპორტსმენებისთვის უკვე 21 თებერვალს, პარალელურ სლალომში გაიმართება.
დღესვე, კოხტას ფერდზე მედლების კიდევ ერთი კომპლექტი გათამაშდა. ამჯერად გუნდური შეჯიბრი ჩატარდა არეალსში. ასპარეზობაში თავდაპირველად 8 გუნდი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, სტარტამდე, მათი რაოდენობა, 6 გუნდამდე შემცირდა. უშუალოდ სტარტის წინ, კი შეჯიბრს კიდევ ერთი, შვეიცარიის გუნდი გამოეთიშა.
ძირითადი ბრძოლა აქ, აშშ-სა და ჩინეთის გუნდებს შორის გაიმართა, სადაც გამარჯვებულმა, აშშ-ს გუნდმა 10.66 ქულით მეტი დააგროვა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.
1 ადგილი - აშშ - 331.37 ქულა
2 ადგილი - ჩინეთი - 320.71 ქულა
3 ადგილი - უკრაინა - 255.56 ქულა
(სრული სტატისტიკა)
ხვალ, ბაკურიანში დასვენების დღეა. მედლების მომდევნო კომპლექტები კი, უკვე 21 თებერვლიდან გათამაშდება.
და ბოლოს, გეტყვით, რომ გუშინ ბაკურიანში, ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა.
ფოტოები: @FIS / სპორტის სამინისტრო / საქართველოს სათხილამურო ფედერაცია