ბექა ღვინიაშვილმა 2022 წელს თბილისის გრან სლემის მოგების შემდეგ, მონაწილეობა თელ-ავივის 2023 წლის გრან სლემის ჩათვლით, აღნიშნული სერიის 3 ტურნირში, ერთ გრან პრიზზე და ერთ მასტერსში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ, უნგრეთის გრან სლემზე აჩვენა მე-3, იერუსალიმის მასტერსზე კი, მე-5 შედეგი. დანარჩენში ქართველმა ოქროს მედლები მოიგო. გამონაკლისი არც დღეს დასრულებული თელ-ავივის გრან სლემი იყო, სადაც ღვინიაშვილმა -90კგ წონით კატეგორიაში მეორე წრიდან, ოდნავ მძიმედ დაიწყო ასპარეზობა და ბადეში ჩატარებული სამი შეხვედრიდან ორი დამატებით დროში მოიგო. თავდაპირველად ბულგარელი, შემდეგ უკრაინელი, 1/2 გასასვლელად კი, მონღოლი სპორტსმენები დაამარცხა.
1/2 ფინალში ბექა აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან შეხვედრა ვაზარით წაიყვანა, თუმცა, გამარჯვება ავასატე იპონით მოიპოვა. იმავე სცენარით მოიგო ფინალური დაპირისპირებაც, თუმცა უნგრელი კრისტიან ტოტის დასამარცხებლად, ბექას, შედარებით მცირე დრო დასჭირდა.
ქართული გუნდის და მათ შორის ბექა ღვინიაშვილის მორიგი „გაჩერება" IJF-ის გრან სლემების სერიაში ტაშკენტის გრან სლემია, რომელიც 3-5 მარტს გაიმართება.
თელ-ავივის გრან სლემზე საქართველოს ნაკრებმა 6 სპორტსმენით 5 წონით კატეგორიაში იასპარეზა და ორო ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლის წყალობით, ვაჟთა შორის პირველი ადგილი დაიკავა. ასპარეზობის პირველ დღეს -66კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა. ალბათ, ოდნავ რომ გამართლებოდა, ამ წონაში ქართული ფინალი შედგებოდა, თუმცა, ლაშა ნადირაძემ ამჯერად, ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
და ბოლოს, დღესვე, -100კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა საქართველოს ნაკრების ყველაზე გამოცდილმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა. „ლიპომ" პირველი წრიდან დაიწყო და უკრაინელი ანტონ სავიცკი იპონით დაამარცხა. თუმცა, მომდევნო დაპირისპირებაში, უკვე თავად დამარცხდა იპონით, ბრაზილიელ ლეონარდო გონსალვეშთან.
ფოტოები: @IJF/ თამუნა ყულუმბეგაშვილი, გაბრიელა საბაუ