რამდენიმე საათი მსოფლიოს ჩემპიონატამდე
რამდენიმე საათი მსოფლიოს ჩემპიონატამდე
17.02.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ხვალ, 18:00 საათზე, ბაკურიანში ოფიციალურად გაიხსნება ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი. ასპარეზობები ბაკურიანში ორ ლოკაციაზე,  დიდველისა და კოხტას მთებზე საგანგებოდ გამზადებულ სტადიონებზე ჩატარდება.  საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ბოლო ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატში სტარტს 5 ქართველი ათლეტი მედლებისთვის 5 სახეობაში იასპარეზებს.


ბუთა ელოშვილი და ლუკა ჩოფიკაშვილი - ფრისკი სლოუფ სტაილისა  და ფრისკი ბიგ ეარი დაიწყებენ საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოსვლას.


ორი წარმომადგენელი გვეყოლება სკი-კროსში. აქ, დავით თედიაშვილი და ბექა ბერძენიშვილი იასპარეზებენ.


ზამთრის სპორტის ამ დისციპლინებში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ცნობადი სახე, რევაზ ნაზღაიძე, სნოუბორდის პარალელურ გიგანტურ სლალომში და სლალომში შეეცდება მაღალი შედეგის ჩვენებას.  სწორედ, რეზის მოუწევს სამშობლოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველმა იასპარეზოს. სტარტი პარალელურ გიგანტურ სლალომში 19 თებერვალს, თბილისის დროით, 12:00 საათზე მიეცემა.


ბაკურიანი 2023-ზე კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი, ჯაბა სხვედიანი (სლოუფ სტაილი და ბიგ ეარი უნდა გამოსულიყო. თუმცა, ჯაბამ, წლის დასაწყისში ტრავმა მიიღო და მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა.


მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ გახსნამდე, რამდენიმე საათით ადრე, ცნობილია, რომ საქართველოში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 40-ზე მეტი ქვეყნის, 700-ზე მეტი ათლეტი მიიღებს მონაწილეობას. მათთან ერთად ბაკურიანში 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ჩამოვლენ, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეთა სამწვრთნელო შტაბის, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები. როგორც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ოფიციალური გვერდი აღნიშნავს, ეს იქნება, აღნიშნულ სახეობაში პირველი საერთაშორისო შეჯიბრი, რომელის ასეთ დიდ მასშტაბებს მოიცავს.


მეორე დღეა ბაკურიანში ინტენსიურად დაიწყეს ჩამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე სპორტსმენებმა და ოფიციალურმა პირებმა. მეორე დღეა, ჩემპიონატში მონაწილე სპორტსმენებმა შეჯიბრის ტრასების გატესტვა დაიწყეს. ჩემპიონატის ყველა შეჯიბრზე დასწრება უფასოა, თუმცა, მისი მსვლელობისა, დაბა ბაკურიანში, სპორტსმენთან უსაფრთხო და უპრობლემო გადაადგილების მიზნით, მიქმედებს გარკვეული შეზღუდვები (დეტალები).