თორნიკე შენგელიას „ვირტუსი" იტალიის თასის ნახევარფინალშია. ბოლონიელებმა დაძაბულ ბრძოლაში - 82:68 დაამარცხეს „ვენეცია".
ანგარიშში სხვაობა საკმარისად დიდია, თუმცა აღსანიშნია, რომ „ვირტუსი" საწყისი ორი პერიოდის მერე აგებდა, თუმცა მესამე პერიოდიდან თორნიკე შენგელიას წინამხძღოლობით ვირტუსელებმა თამაში გამოასწორეს და ნახევარფინალშიც დამსახურებულად გავიდნენ.
თოკოს სტატისტიკა ასეთი იყო: 27 წუთი, 19 ქულა (10-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 5-დან 4 საჯარიმო), 5 მოხსნა, 1 პასი. ბოლონიაში მასზე მეტი მხოლოდ მარკო ბელინელიმ ჩააგდო - 21 ქულა.
ნახევარფინალი 18 თებერვალს გაიმართება. „ვირტუსი" „ტორტონასა" და „ტრენტინოს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. გათამაშების ფავორიტი „მილანი" მეოთხედფინალში ბრეშასთან დამარცხდა. ბრეშელები ნახევარფინალში „პესაროს" დაუპირისპირდებიან.
***
დუდა სანაძემ დღეს კვიპროსის ჩემპიონატში სუპერმატჩი ჩაატარა. ის მშვენიერ ხასიათზე იყო და საკუთარ თავს დიდებული საჩუქარი გაუკეთა. დუდა წინა დღეს, 15 თებერვალს მამა გახდა. მას თბილისში ვაჟი, გიორგი შეეძინა. სანაძემ თავის გუნდს გაამარჯვებინა და ხვალ თბილისში, საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ჩამოვა. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ულოცავს ნაკრების წევრს შვილის შეძენას.
სანაძის ანორთოსისი მორიგ მატჩში ნიქოზიის ახილეასს ესტუმრა და 103:80 იმარჯვა, ქართველმა ლეგიონერმა კი 30 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. დუდა სასტარტო ხუთეულში იყო და 35:52 წუთში 12-დან 6 ორქულიანი, 10-დან 4 სამქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი ლეგიონერის მოედანზე ყოფნის პერიოდში ანორთოსისმა მეტოქეზე 19 ქულით მეტი ჩააგდო და ეს, მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო, სანაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 23-ს გაუტოლდა (გუნდში მე-2 შედეგი).
დუდას კლუბმა 8 მოგება და 9 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი უკვე 11 მარტს ერთ-ერთ აუტსაიდერ პარალიმნისთან ჩაატარებს.
***
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისა და „მილუოკი ბაქსის" მძიმე ფორვარდი, 23 წლის სანდრო მამუკელაშვილი NBA-ის G ლიგის ვარსკვლავების (NBA G League Next Up Game) მატჩში მიიღებს მონაწილეობას. ქართველმა კალათბურთელმა ტრავმირებული ჩარლზ ბესი ჩაანაცვლა და შესაბამისად, ლუკა გარზას გუნდში ითამაშებს.
განვითარების ლიგის 24 მოთამაშიდან 10 გულშემატკივრებმა ხმის მიცემის საშუალებით აირჩიეს, დანარჩენი 14 კი ლიგამ დაასახელა. გუნდების კაპიტნებად ლუკა გარზა და სკუტ ჰენდერსონი დანიშნეს, რომლებმაც მოთამაშეები თავად აირჩიეს.
ქართველ კალათბურთელს აქამდე Next Up Game-ში არასდროს უთამაშია. G ლიგის ვარსკვლავების მატჩი NBA-ის ALL STAR-ის უიქენდზე, 19 თებერვალს, იუტაში, სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართება.