დღეს, თელ-ავივში სტარტი აიღო IJF-ის მორიგმა გრან სლემმა. მსოფლიო ტურის მორიგ შეჯიბრში საქართველო 6 სპორტსმენით 5 წონით კატეგორიაში არის წარმოდგენილი. ასპარეზობის პირველ დღეს ქართული კლუბის სათვალავში უკვე ორი მედალია, ერთი ოქროსი და ერთიც ბრინჯაოსი. ალბათ, ჩვენი ფალავნებიდან ერთ-ერთს ცოტა, რომ უფრო მეტი გამართლებოდა 2023 წლის თელ-ავივის გრან სლემის პირველ დღეს ქართული ფინალის მოწმე ვიქნებოდით.
-66კგ წონით კატეგორიაში ჩვენი გუდიდან ერთდროულად ორი ჯუდოკა ასპარეზობდა ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა ნადირაძე. განსხვავებით 2023 წელს ამ მომენტისთვის გამართული ტურნირებიდან, ამ ჯერად, თელ-ავივის ტატამი წარმატებული გამოდგა ვაჟა მარგველაშვილისთვის, რომელმაც ასპარეზობა პირველი წრიდან დაიწყო და ბადის ყველა შეხვედრა დამატებით დროში მოიგო. ჯერ იტალიელი, შემდეგ გერმანელი, ბოლოს კი, ბულგარელი სპორტსმენები დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ესპანელი ალბერტო მარტინ გაიტერო, შეხვედრის დაწყებიდან მალევე იპონით დაამარცხა. ამის შემდეგ, ფინალში, ოქროს მოსაგებად აზერბაიჯანელ ორჰან საფაროვთან, ვაჟას კვლავ დამატებითი დროს დასჭირდა. თუმცა, ქართველმა მოახერხა კონცენტრირება და ოქროს მედლის მოგება.
რაც შეეხება ლაშა ნადირაძეს, თანაგუნდელივით ასპარეზობა მანაც პირველი წრიდან დაიწყო და მას შემდეგ, რაც გერმანელი, ეკვადორელი და მასპინძელი სპორტსმენები დაამარცხა და ჯგუფი მოიგო, 1/2 ფინალში სწორედ, აზერბაიჯანელ საფაროვთან დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო. აქ მისი მეტოქე კვლავ ისრაელის წარმომადგენელი ტალ ფლიკერი იყო. საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში, რომელიც დამატებით დროში გაგრძელდა, ნადირაძემ გამარჯვებას 09:28 წუთზე აღებული ვაზარით მიაღწია.
პირველი წრის შეხვედრა მოიგო, -60კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა, რომელმაც თურქმენი სპორტსმენი დაამარცხა. თუმცა, მომდევნო შეხვედრაში, სადაც მისი მეტოქე ავსტრალიელი ჯოშუა კატზი იყო, დამატებით დროში მიღებული მესამე შიდოს გამო ასპარეზობიდან მოიხსნა.
ხვალ, თელ-ავივის გრან სლემის მორიგ საასპარეზო დღეს ტატამზე ქართული გუნდი მხოლოდ ერთ წონით კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი. -70კგ წონით კატეგორიაში მიხეილ ბახბახაშვილი გამოვა.
ბოლო საასპარეზო დღეს, 18 თებერვალს კი, ტურნირზე ორი სპორტსმენი გამოვა:
-90 კგ ბექა ღვინიაშვილი
-100 კგ ვარლამ ლიპარტელიანი.
სტატიაში გამოყენებულია IJF-ის (თამუნა ყულუმბეგაშვილისა და გაბრიელა საბაუს) ფოტოები