„დინამო არენა“ ახალგაზრდული ევროსთვის მზადებას აგრძელებს
„დინამო არენა“ ახალგაზრდული ევროსთვის მზადებას აგრძელებს
14.02.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეს, „დინამო არენას" ზედხედია, დღეს, დაახლოებით 17:00-ზე გადაღებული. სტადიონის გადახურვაზე, უკვე აღარ არის განათება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, რომელიც ამჟამად, ქვეყნის მთავარ სტადიონზე, უეფა-ს ევროპის 21-წლამდეთა 2023 წლის ჩემპიონატისთვის მიმდინარეობს, უკვე მთლიანად დემონტაჟი ჩაუტარდა განათების ძველ სისტემას და ის, უახლოეს ხანში, ახალი, ფილიპსის ტიპის ლედნათურებით ჩანაცვლდება.  ახალი, ლედსარეკლამო სივრცე დამონტაჟდება მინდვრის გარშემოც, რაც სატელევიზიო რეპორტაჟებისა და მაღალი ხარისხის ფოტო-გადაღებებისთვის მომუშავე მედიას საგრძნობლად შეუწყობს ხელს.

როგორც სტადიონის დირექციაში განგვიცხადეს, სამუშაოების დასრულების შემდეგ, რომელიც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, „დინამო არენა" ცოტა „ფერსაც" შეიცვლის. აი სათამაშო მოედანი კი, აღნიშნულ სტადიონზე, სრულებით ახლებური იქნება - ჰიბრიდული, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ კლიმატურ პირობებში, „დინამო არენაზე" ბურთი, „კარგად გაგორდება". ამ ბურთის მიზანმიმართულება კი, ჩვენი ბიჭების ერთადერთი „სადარდებელი" და საზრუნავი იქნება.


ალბათ, ამჩნევთ ზოლებად დაყოფილ მინდორს. მუქის ფერის ზოლი სარწყავი სისტემაა, თეთრი ჩანართები კი, დრენაჟი. ორივე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიითაა დამზადებული. მას შემდეგ, რაც „დინამო არენას" სათამაშო მოედანი სრულად დაიქსელება, დაიწყება მოდევნო ეტაპი - პირველ ეტაპზე დაიგება ღორღის ფრაქცია 4 -10მმ, შემდეგ, მეორე ფენა ღორღი 1 - 5მმ და ბოლო ფენა ყვითელი სილა... ამის შემდეგ, უკვე უშუალოდ მწვანე ზოლზე დაიწყება ზრუნვა.


სტადიონის დირექციაში დღეს ისიც გვითხრეს, რომ უშუალოდ მოედნის საფართან მიმართებაში, სამუშაოების 40% უკვე შესრულებულია.


ჩვენი გვერდი, სისტემატურად მოგაწვდით ინფორმაციას, ქვეყნის მთავარ სტადიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ. ამ ინფორმაციაზე წვდომისთვის კი, მადლობას უხდის „დინამო არენის' დირექციას.


შეგახსენებთ, რომ „დინამო არენაზე" მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საქართველოს ეროვნული ლიგის საწყისი ორი წრის საშინაო შეხვედრებს, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი", გორში, თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე ჩაატარებს. ამავე მიზეზით, „დინამო არენაზე" ამ ეტაპზე, ვერ თამაშობს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც. რაც შეეხება დროს, თუ როდის დაუბრუნდება „დინამო არენა" ჩვეულ რუტინას, სტადიონის დირექციაში განგვიცხადეს, რომ სატესტო შეხვედრა „დინამო არენაზე" 2023 წლის მაისში გაიმართება. ევროპის 2023 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩების შემდეგ კი, რომელსაც სწორედ ეს სტადიონი უმასპინძლებს (აქ ჩატარდება საქართველოს 21-წლამდეთა სამივე შეხვედრა), „დინამო არენა" ტრადიციულად, ქვეყნის 19-გზის ჩემპიონის, „დინამო თბილისის" საშინაო მატჩებსა და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2023-2024 წლების საკვალიფიკაციო ეტაპებს უმასპინძლებს.