საქართველოს ეროვნული ნაკრების კალენდარი საბოლოოდ გაირკვა
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალენდარი საბოლოოდ გაირკვა
13.02.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

2023 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრები 10 საერთაშორისო შეხვედრას ჩაატარებს, აქედან, რვას ოფიციალურს და ორსაც ამხანაგურს. ვილი სანიოლის გუნდის, მიმდინარე წლის, სრული კალენდარი დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა სანაკრებო გვერდმა გამოაქვეყნა.  ახალ საფეხბურთო წელს, ჩვენი ნაკრები 25 მარტს, ამხანაგური სპარინგით დაიწყებს და ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე' მონღოლეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში, ჩვენი ნაკრები უკვე, „ევრო 2024"-ის საკვალიფიკაციო ჯგუფის პირველ მატჩს გამართავს და 28 მარტს, ბათუმშივე, ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

„ევრო 2024"-ის საკვალიფიკაციო ჯგუფის მომდევნო ფანჯრის შეხვედრებს ჩვენი გუნდი, ივნისში ჩაატარებს. ჯერ, 17 ივნისს კვიპროსზე ითამაშებს, 20-ში კი, შოტლანდიაში ჩავა, მორიგი ქულების ასაღებად.


ალბათ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ სწორედ, კვიპროსთან თამაშის შემდეგ გადაწყდება საბოლოოდ, ვინ გაემგზავრება შოტლანდიაში და ვინ დაბრუნდება თბილისში, 21-წლამდეთა გუნდის დასახმარებლად. ლაპარაკი გვაქვს იმ რამდენიმე ფეხბურთელზე (ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ჟორჟი მიქაუტაძე, ანრი მექვაბიშვილი, საბა საზონოვი, ზურიკო დავითაშვილი, ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი), რომლებიც ოფიციალურად ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ირიცხებიან, თუმცა, მათ მთელი რიგი კრიტერიუმებით, რამაზ სვანაძის გუნდშიც შეუძლიათ თამაში. უკვე 21 ივნისს, საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრებს, ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის პირველი ჯგუფური შეხვედრის გამართვა უწევს პორტუგალიის ნაკრებთან, თბილისში, „დინამო არენაზე".


რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, საშემოდგომო თამაშებს, სანიოლის გუნდი, დიდი ალბათობით, უკვე თბილისში, „დინამო არენაზე" გამართავს:  8 სექტემბერს ესპანეთის,  15 ოქტომბერს კვიპროსის და 16 ნოემბერს, შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ, კვლავ „ევრო 2024"-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის რანგში. ამავე ციკლიდან, ვილის გუნდი, 11 სექტემბერს ნორვეგიაში, 16 ნოემბერს კი, ჯგუფის ბოლო შეხვედრას ესპანეთში ჩაატარებს.


თუმცა, შემოდგომაზე, ვილი სანიოლის გუნდს, კიდევ ერთი შეხვედრა აქვს კალენდარში მონიშნული - ამხანაგური, ამჯერად, ტაილანდის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. სფფ-ს ოფიციალური სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, აზიის ზონის კიდევ ერთ წარმომადგენელს ჩვენები, 12 ოქტომბერს უმასპინძლებენ. თუმცა, ჯერ-ჯერობით თუ, სად და რომელ სტადიონზე გაიმართება ეს შეხვედრა არ კონკრეტდება.



საქართველოს ეროვნული ნაკრების 2023 წლის კალენდარი

საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრების "ევრო 2023" - ის კალენდარი