ლიეტუვის განათლების, მეცნიერების და სპორტის მინისტრის იურგიტა შიუგჟდინენეს განცხადებით, 35 ქვეყანა მოითხოვს, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვან რუსი და ბელარუსი სპორტსმენები.
დიდ ბრიტანეთში 35 ქვეყნის წარმომადგენელთა სამიტი ჩატარდა, რომლის განსახილველი თემაც პარიზის თამაშებზე რუსეთის და ბელარუსის შესაძლო მონაწილეობა იყო. დისკუსიაში ჩაერთო უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, რომელმაც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდა მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება და აგრესორი ქვეყნის წარმომადგენელები არ დაუშვას ოლიმპიურ თამაშებზე.
როგორც ირკვევა, კოალიციაში შემავალმა ქვეყნებმა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, აშშ-მ, საფრანგეთმა და იაპონიამ პარიზი-2024-დან რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ჩამოშორების საკითხი დააყენეს.
"მივდივართ იმ მიმართულებით, რომლითაც ბოიკოტი არც დაგვჭირდება, რადგან ყველა ქვეყანა ერთიანია," - აცხადებს იურგიტა შიუგჟდინენე.
პოლონეთის სპორტის მინისტრის კამილ ბორტნიჩუკის თქმით, არსებობს სხვა, კომპრომისული ვარიანტი - დევნილთა გუნდის შექმნა, რომელშიც შევლენ რუსი და ბელარუსი დისიდენტი სპორტსმენები.
რამდენიმე დღის წინ უკრაინას სტუმრობდა პარიზის მერი ანი იდალგო, რომელმაც განაცხადა, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენების მონაწილეობა მიუღებელია.