6 ლელო ამსტერდამში და 502 ტურნირზე
6 ლელო ამსტერდამში და 502 ტურნირზე
11.02.2023
ავტორი: რაგბის კავშირი

საქართველომ ნიდერლანდებს ამსტერდამში 6 ლელო გაუტანა და 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში მეორე გამარჯვება მოიპოვა - 40:8.

მასპინძელთა თავგამოდებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ბორჯღალოსნებმა დაგეგმილი ბონუსიც აიღეს და „ა" ჯგუფს ქულათა მაქსიმუმით (10) ლიდერობენ. მათ უკვე გაინაღდეს ნახევარფინალის საგზური და 18 თებერვალს (22:00 საქ. დრო), ტორელავეგაში, ესპანეთს პირველი ადგილისა და შესაბამისად, ნახევარფინალში მასპინძლობის უფლებისთვის შეერკინებიან.


ნიდერლანდებს, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 2021 წელს დაბრუნდა, წელს ყველაზე მებრძოლი გუნდი ყავს. პირველ ტურში მათ ესპანეთს მადრიდში დიდი ბრძოლა გაუმართეს და ბონუსი არ დაანებეს (20:28), ახლა კი უდავო ლიდერს და მთავარ ფავორიტ საქართველოსაც გვარიანი წინააღმდეგობა გაუწიეს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში.


შეხვედრა ძლიერი ქარის ფონზე წარიმართა, რაც თამაშის ხარისხზეც აისახა. ბორჯღალოსნები მაღალ ტემპში ცდილობდნენ თამაშს, მაგრამ სიჩქარეში ხშირი იყო ტექნიკური წუნი. გარდა ამისა, საქართველო ხშირად ჯარიმდებოდა და ყვითელი ბარათების გამო 30 წუთი კაცნაკლულმა იბურთავა. მიუხედავად ამისა, კლასში სხვაობა საკმაოდ დიდი იყო და მთლიანობაში, მთავარ მეტოქეებთან ჯახის წინ მათ კარგი რეპეტიცია გამოუვდათ.


ნიდერლანდებთან პირველი სანაკრებო ლელო ლადო ჩაჩანიძემ გაიტანა, ერთი ლელო დავით ნინიაშვილის ანგარიშზეა, გიორგი ჭყოიძემ და მიხეილ გაჩეჩილაძემ კი დუბლი გაიფორმეს. აღსანიშნავია, რომ ჭყოიძის მეორე ლელო საქართველოსთვის საიუბილეო აღმოჩნდა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც საქართველო 2000 წლიდან თამაშობს. ჯამში ბორჯღალოსნებს ამ ტურნირზე 115 შეხვედრა აქვთ ჩატარებული, საიდანაც 97 მოიგეს და მეტოქეებს 502 ლელო გაუტანეს, თავად კი 112 მიიღეს.



ქარი და ოფლოუდები


პირველ ტაიმში საქართველო პირქარში თამაშობდა და როგორც ჩანს, ქარი საკმაოდ ძლიერი იყო, რადგან გადაცემა ადრესატამდე ხშირად არ აღწევდა. სტუმრები ცდილობდნენ, რომ შეტევების ტემპი ოფლოუდებით შეენარჩუნებინათ და მთელ რიგ ეპიზოდებში ეს კარგადაც გამოსდიოდათ, მაგრამ უზუსტობამ მათ გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა არ მისცა.


ამით კარგად ისარგებლეს მასპინძლებმა და სახიფათო კონტრშეტევა განახორციელეს. მათ ჯარიმით დაწინაურებას ლელოზე თამაში არჩიეს, თუმცა მოლსა და ფორვარდების დარტყმის სერიას დაცვა მომზადებული დახვდა. მე-9 წუთზე ჭყოიძემ მეტოქეს რაქში აართვა ბურთი და ის მარჯვენა ფრთაზე სწრაფად ჩათამაშდა, სადაც აკა ტაბუცაძე გაიჭრა. შეტევას კარგად მიყვნენ დემე თაფლაძე, გელა აფრასიძე და დავით ნინიაშვილმა ანგარიში ძელებსშუა გატანილი ლელოთი გახსნა, თედო აბჟანდაძემ კი გარდასახა.


დავიდ ვირსმა მე-15 წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, რასაც საქართველომ დერეფნიდან მორკინალების დარტყმით უპასუხა და ლადო ჩაჩანიძემ ძალისმიერი ლელო გაიტანა. რადგან ბურთზე კონტროლი ვერ დავამყარეთ, ნიდერლანდებმა პირველ ტაიმში კიდევ რამდენიმე შესატევი პლაცდარმი მიიღო და ჩვენს წითელ ზოლში საკმარისი დრო გაატარა, მაგრამ დაცვა მაგრად დადგა. იყო ეპიზოდი, როდესაც ნინიაშვილმა და აფრასიძემ შეტევა თავისივე ლელოდან, ოფლოუდებით წამოიწყეს და იქნებ 100-მეტრიანი ლელოც გვეხილა, რომ არა ტიმო პითერსის მხრიდან ბურთზე ხელის ჩარტყმა. ნიდერლანდელის სინბინს მალევე ბექა საღინაძის სინბინი მოყვა, მეტოქემ მეორედ სცადა ჯარიმით 3 ქულის აღება, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო და ტაიმი 12:3 დასრულდა.



500+


მეორე ტაიმი საქართველომ უფრო აქტიურად დაიწყო და მალევე ტაბუცაძემ ლელო გაიტანა, მაგრამ ის რეფერიმ განმეორებითი მოძრაობისთვის გააუქმა. სამაგიეროდ დაგვიბრუნდა ჯარიმა, რომელიც ჭყოიძემ გაათამაშა და შეუტია, ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ კი, მანვე ლელო გაიტანა. 52-ე წუთზე დერეფნიდან აგორებულ მოლს ჭყოიძე დროულად მოწყდა და თავისი მეორე ლელო მიითვალა, რომელიც საქართველოსთვის მე-500 იყო რაგბი ევროპის ჩემპიონატებზე. აბჟანდაძემ ორივე გარდასახა და უპირატესობა სოლიდური გახდა.


ამას კვლავ მოყვა ჯარიმები, რამაც ნიდერლანდებს ბურთზე კონტროლის დამყარების შესაძლებლობა მისცა. ისინი ნელ-ნელა ჩვენს ჩათვლის მოედანს მოუახლოვდნენ და 63-ე წუთზე კუნ ბლუმენმა ერთი ლელო გაქვითა. ამ ეპიზოდს, ხშირი ჯარიმების გამო, სინბინით ნინიაშვილიც შეეწირა. კაცნაკლულად მოთამაშე ბორჯღალოსნებმა 68-ე წუთზე კიდევ ერთი მოლი დააყენეს, რომელმაც სწრაფად დაფარა ლელომდე მანძილი და მიხეილ გაჩეჩილაძემ ბურთი დაამიწა, ლუკა მატკავამ კი გარდასახა.


ნინიაშვილის დაბრუნებამდე წამებით ადრე, ყვითელი ბარათი უკვე სერგო აბრამიშვილმა მიიღო და დარჩენილი დროც კაცნაკლული დავრჩით, მაგრამ ლელო კვლავ იქით გავიტანეთ. მეტოქის დერეფანში ბურთის მოგების შემდეგ, მატკავამ ხაზი ვახტანგ აბდალაძეს გააჭრევინა, რომელსაც კარგად მიყვა გაჩეჩილაძე და ლელო ძელის გვერდით გაიტანა, მატკავამ კი გარდასახვა შეასრულა. მალე კიდევ ერთი ლელოს გატანის კარგი შანსი გვქონდა, თუმცა შეცდომებმა უპირატესობის გაზრდის შესაძლებლობა არ მოგვცა და შეხვედრა 40:8 დასრულდა.



რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2023

ჯგუფური ეტაპი. მეორე ტური

11 თებერვალი. ამსტერდამი.

ნიდერლანდები - საქართველო  8:40 (3:12)


საქართველო


ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე:

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლადო ჩაჩანიძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი ცუცქირიძე, 7. ბექა საღინაძე (კაპ.), 8. ოთარ გიორგაძე;

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. სერგო აბრამიშვილი, 18. ვახტანგ აბდალაძე, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლუკა მატკავა, 23. ლაშა ხმალაძე.

6 ლელო: ნინიაშვილი, ჩაჩანიძე, ჭყოიძე (2), გაჩეჩილაძე (2)

5 გარდასახვა: აბჟანდაძე (3), მატკავა (2)

3 სინბინი: საღინაძე, ნინიაშვილი, აბრამიშვილი


ესპანეთი - საქართველო (18 თებერვალი)